ანაკლიის პორტამდე მისასვლელი გზის და რკინიგზის მშენებლობაზე დაახლოებით 330 მლნ დაიხარჯება

15:38 08-28-2019
137

ანაკლიის პორტამდე მისასვლელი 18 კმ-იანი საავტომობილო გზისა და რკინიგზის პროექტირების პარალელურად, მის არეალში მცხოვრები მოსახლეობის განსახლების გეგაზე მუშაობა იწყება. ამჟამად, გზისა და რკინიგზის პროექტირებაზე მიმდინარეობს მუშაობა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, პროექტის სამუშაო ვარიანტს კომპანია „სმექი“ 2 ოქტომბერს წარმოადგენს, რის შემდეგაც ტენდერი უშუალოდ სამშენებლო სამუშაოებზე გამოცხადდება. მისი საორიენტაციო ღირებულება 330 მილიონი ლარია.

ამავე ცნობით, პორტთან დამაკავშირებელი საგზაო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისათვის საჭიროა მიწის შესყიდვისა და განსახლების სამოქმედო გეგმის მომზადება, რომლის შესადგენად საავტომობილო გზების დეპარტამენტმა კომპანიის შერჩევა დაიწყო.

ინტერესის გამოხატვის ეტაპზე, საკვალიფიკაციო მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2014 წლის 1 იანვრიდან დღემდე პერიოდში, შემუშავებული უნდა ჰქონდეს მიწის შესყიდვისა და განსახლების მინიმუმ 2 სამოქმედო გეგმა (კერძო მესაკუთრეების/მოსარგებლეების არანაკლებ 400 მიწის ნაკვეთზე).

დაინტერესებულმა პირებმა, განაცხადი და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია უნდა წარადგინონ საავტომობილო გზების დეპარტამენტის ელექტრონული ფოსტის მისამართზე info@georoad.ge, არაუგვიანეს 2019 წლის 16 სექტემბრისა.

პორტის ფუნქციონირებამდე გზისა და რკინიგზის მშენებლობის ვალდებულება სახელმწიფოს აქვს აღებული.

ავტორი: თეა შონია