დე, რა მაგარი ბიჭი ვიყავი ავადმყოფობამდე - ბიჭი ფოტოზე იმ დროს იხსენებდა, როცა კარგად იყო

15:31 08-28-2019
1566

„ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა 12 წლის მ.ხ-ს მსუბუქი ამნეზია დაემართა. მანამდე სიცოცხლით სავსე ბავშვმა ერთ დღესაც სახლს ვეღარ მოაგნო. მერე სიტყვები ავიწყდებოდა. ბოლოს წინადადებებს ვეღარ გამოთქვამდა. თავადაც ხვდებოდა, რომ პრობლემები ჰქონდა და სანამ გონებას დაკარგავდა, დედას თავისი ბავშვობის ფოტო სთხოვა - „დე, რა მაგარი ბიჭი ვიყავი ავადმყოფობამდეო“ - დანანებით უთქვამს. მაშინ უკვე ეტლით გადაადგილდებოდა“ – უყვება „პრაიმტაიმს“ სოციალური მუშაკი.

მრავალთვიანი გამოკვლევების მიუხედავად, ბავშვის ზუსტი დიაგნოზი ჯერაც უცნობია. 

ბიჭის ბოლო სურვილი, რომელიც მან ვერბალურად გამოთქვა ახალი ფეხსაცმელი იყო. მას შემდეგ დედისთვის აღარაფერი უთქვამს. ახლა, 15 წლისაა და ის სამი წელია კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებაში, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული.

ბავშვის ოჯახს მატერიალურად უჭირს. მარტოხელა დედას სულ 4 ბიჭი ჰყავს. მ.ხ-ს თავისზე დიდი ორი და კიდევ პატარა ძმა ჰყავს. უფროსმა ძმებმა სწავლაზე უარი თქვეს და ოჯახის დასახმარებლად სამუშაოს ძებნა დაიწყეს. მამამ კი ბავშვი სულ ორჯერ ნახა...

სანამ დედის მშობლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ისინი ეხმარებოდნენ, მაგრამ ბებია დაეღუპა, მერე პაპა საავადმყოფოში მოხვდა. დედა კი უკვე 3 წელია შვილთან ერთად რეანიმაციაში ცხოვრობს.

ახლა ოჯახის ძირითადი შემოსავალი ბავშვის პენსია და სოციალური დახმარებაა. ჯანდაცვის სამინისტრო წამლების ნაწილს უფინანსებს, უფასოდაც მკურნალობენ, მაგრამ ოჯახს ძირითადად ჰიგიენური საშუალებები სჭირდება, რაც საკმაოდ ძვირია მათი მდგომარეობისთვის.

„ბავშვის დედა მის გონზე მოსვლას ნატრობს. უნდა კიდევ ერთხელ ისეთივე აქტიური, ლაღი და ბედნიერი ნახოს, სანამ გაურკვეველი დაავადება პატარა ბიჭს საწოლს მიაჯაჭვებდა“ - ყველა საქველმოქმედო ფონდის წარმომადგენელი, რომელიც ბავშვის ოჯახს დახმარებას უწევს.  

ამჟამად, ის ვერც ხედავს, არც ესმის, ვერც ცნობს და დამოუკიდებლად ვეღარც კი სუნთქავს. ახლა, ჯერი სასწაულსა და კეთილი ადამიანების დახმარებაზეა. ბავშვს სხვა არჩევანი უბრალოდ არ დარჩენია...

თუ სურვილი გაქვთ დაეხმაროთ პატარა ბიჭის ოჯახს ამ მძიმე მდგომარეობაში, გთხოვთ მოგვწეროთ სოციალურ ქსელში. „პრაიმტაიმი“ უზრუნველყოფს ბავშვის ოჯახთან დაკავშირებას.  

ავტორი: თამარ ბუჩუკური