„რატომ ვუყურე ამ კადრებს?“ - ცნობილი ქალბატონები სამი წლის ბავშვის დაჭრის ფაქტს ეხმიანებიან

13:44 08-28-2019
5060

წუხელ პეკინის გამზირზე სამი წლის ბავშვზე მომხდარ საზარელ თავდასხმას, სოციალურ ქსელში, უამრავი ადამიანი ეხმიანება. მათ შორის, თავის აზრს და აღშფოთებას ცნობილი ქალბატონებიც გამოხატავენ.

ირინა ონაშვილი: - ვწევარ და ვფიქრობ ამ ბავშვზე, რომელიც ჩემი შვილის ტოლია ზუსტად და იგივე მაისური აცვია:( ვფიქრობ იმ ხალხზე, ვინც ამას ასე ურეაქციოდ უყურა და ძალიან მეშინია ასეთი ხალხის, ვფიქრობ ფსიქიატრიულიდან გამოქცეულ პაციენტებზე, რომლებიც ასე დაპარპაშებენ ქუჩებში, ვფიქრობ ხვალინდელ დღეზე და ამასობაში მარიამობაც დამავიწყდა.

ნანკა კალატოზიშვილი: - რატომ ვუყურე ამ კადრებს, რატომ? რამდენიმე საათია ძალიან ცუდად ვარ. მეტზე ვერაფერზე ვფიქრობ, დავისტრესე. 

ანა გიუნტერი: - ღმერთმა ყველას აშოროს და იმ პატარას მალე გამოჯანმრთელება და ბედნიერი ცხოვრება. ბავშვის მამა არ მგონია ნაკლებად განიცდიდეს ამ ამბავს, ვიდრე ბავშვის ფბ გულშემატკივრები. ამ დროს ძირითადად ჩნდება პოსტები: ნეტა დამანახა დაჩეხილი, ნეტა ჩაალპონ და მოკლან ეს ქალი და ა.შ. ესეც დამახასიათებელია ადამიანებისთვის, და გვახსოვს ისტორიული ფაქტები თავის მოკვეთის საჯარო რიტუალების. მათ შორის, სადაც ხალხი ტაშს უკრავდა. თუმცა დღეს ვერ წარმომიდგენია ადამიანი, რომელიც სიხარულით დაესწრება სხვის მოკვლას. მაინტერესებს სხვა ამბავი: ეს საზარელი ფაქტი თუ გახდება ბიძგი იმისა, რომ შეიხედონ ფსიქიატრიულ დაწესებულებებშიც? აი, იქ ხდება ის ამბავი, რის გამო ოჯახებს ამ ქალის მსგავსი პაციენტები სახლში ჰყავთ გამოკეტილი... ეს ძალიან მწარე რეალობაა, თუმცა არა - უიმედო. ნეტა ვისი მისახედია?

ქალი, რომელიც 3 წლის ბავშვს წუხელ ღამით პეკინის გამზირზე თავს დაესხა და დაჭრა, დაკავებულია. 

ცნობისთვის, 3 წლის ბიჭს ჭრილობები სახის არეში აქვს მიყენებული. მას გუშინვე სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

თვითმხილველები ამბობდნენ, რომ ჭრილობა საკმაოდ ღრმა იყო. პირველადი დახმარება მცირეწლოვანს მიმდებარე აფთიაქში გაუწიეს.

არსებული ინფორმაციით, ქალი საბურთალოს რაიონში, სავარაუდოდ ყაზბეგის და ვაჟა ფშაველას გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობს.

წინასწარი ინფორმაციით, მას ფსიქიკური პრობლემები აქვს. ცნობილია, რომ ეს პიროვნება საეჭვო გარემოებებში წარსულში სხვა მოქალაქეებმაც დააფიქსირეს

 

 

ავტორი: თამარ გონგაძე