51 წლის ქალი წარსულში სხვა მცირეწლოვანსაც დაესხა თავს - რას უყვება ბავშვის მამა „პრაიმტაიმს“

13:38 08-28-2019
6497

ქალი, რომელიც პეკინის ქუჩაზე 3 წლის ბავშვს თავს დაესხა და დაჭრა, ბავშვებზე წარსულშიც ძალადობდა. არტისტი ნიკოლოზ ლუტიძე „პრაიმტაიმს“ სამი წლის წინ მომხდარი შემთხვევის შესახებ უყვება:

„აბანოებთან ბავშვს ხშირად ვასეირნებდი, მაშინ ლუკა სამი წლის იყო, ბავშვს ერთ ხელში სათამაშო ეჭირა  და მეორე ხელით მე მეჭირა.  შევნიშნე, რომ ეს ქალი წინიდან მოდიოდა , ცხელოდა და თავზე შალის თავშალი ჰქონდა ჩამოფარებული, შეინიშნებოდა რომ ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, ამ დროს ბავშვს წამიერად თავში ჩაარტყა. აფექტურ მდგომაროებაში ვიყავი, მივვარდი,  ხელი ვკარი, ტაქსისტებმა გაგვაშველეს. მომდევნო დღეებში იქ აღარ შემინიშნავს. მოგვიანებით ხალხმა მითხრა, რომ იმ ტერიტორიაზე ხშირად იყო და მოწყალებას ითხოვდა. შემდეგ როგორც ვიცი ქაშუეთთან იჯდა ხოლმე“, - უთხრა ნიკოლოზ ლუტიძემ „პრაიმტაიმს“

„ეგეთი მონსტრები ძაან ბევრნი არიან. ფაქტია, რომ ფსიქიკური პრობლემები აქვს, ბავშვების მიმართ გამოხატული აგრესია, რომლსაც ვერ მალავს. ამას შესაბამისმა სამსახურებმა უნდა მიხედონ. მშვიდად სეირნობ ბავშვთან ერთად და არვინ იცის ვინ დაგესხმება თავს“-ამბობს ნიკოლოზ ჰუმანოიდი (ლუტიძე)

ქალი, რომელიც 3 წლის ბავშვს თავს დაესხა და დაჭრა, დაკავებულია. გამოძიება განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით მიმდინარეობს და დანაშაული 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, 3 წლის ბიჭს ჭრილობები სახის არეში აქვს მიყენებული. მას გუშინვე სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ავტორი: თორნიკე ხურციძე