თეა დარჩიას ქალიშვილი 28 წლის გახდა - „ვტრაბახობ შენით“

12:49 08-28-2019
503

მოცეკვავე თეა დარჩია თავის უფროს ქალიშვილს, მარიამ მათიაშვილს დაბადების დღეს საჯაროდ ულოცავს. მარიამს ოქროს დაბადების დღე აქვს, დღეს 28 წლის გახდა. ისიც „სუხიშვილების“ მოცეკვავეა. 

“ჩემს ყველაზე უძვირფასეს, უზადო და უანაკლო, სრულყოფილი და უკეთილშობილესი ადამიანის - მარიამ მათიაშვილის დაბადების დღეა!!! მადლობა ღმერთს მისთვის!!! მიყვარხარ უსაზღვროდ!!! შენ ხარ ღვთიშობლის მიძინების დღეს დაბადებული ადამიანი! მისი მადლითა და ძალით გაგაძლიეროს ღმერთმა!!! მიყვარხარ, ვამაყობ და ვტრაბახობ შენით“ – „ფეისბუქზე“ წერს თეა.

მოცეკვავე „პრაიმტაიმთან“ იხსენებს, რა გრძნობა დაეუფლა ახლადგამომცხვარ დედას.

თეა დარჩია: - 28 წლის გახდა 28 აგვისტოს. 20 წლის ვიყავი მარიამი რომ შემეძინა და მაშინ მივხვდი, როგორ ძლიერ ვყვარებივარ დედაჩემს. მივხვდი, რომ ცხოვრებაში უკვე მთავარი ის იყო. აქამდე რას ვაკეთებდი, რა აზრი ჰქონდა ცხოვრებას-მეთქი, ვფიქრობდი. ძალიან მაგარი გრძნობაა ის, რომ მარიამობას გამიჩნდა და ეს სახელი დავარქვი. 

მარიამ მათიაშვილი: - ყოველ წელს მოუთმენლად ველოდები ამ დღეს! წელს განსაკუთრებულად ამაღლებული განწყობით შევხვდი მარიამობას და ჩემს ოქროს დაბადების დღეს, ძალიან მიყვარს ეს დღე! ამდენი ადამიანი რომ გამოხატავს სითბოს-სიყვარულს, ამდენ დადებით ემოციას გიზიარებს და გაგრძნობინებს, რომ მნიშვნელოვანი ხარ მისთვის - ამაზე სასიამოვნო, ალბათ, არაფერი არ არის და ამისთვის ღირს ცხოვრება...

ავტორი: თამარ გონგაძე