ბრაზილია ამაზონის ხანძართან გასამკლავებლად უცხოეთისგან დახმარებას მიიღებს

10:11 08-28-2019
64

ბრაზილია ამაზონის ხანძართან გასამკლავებლად უცხოეთის მიერ შემოთავაზებულ დახმარებას მიიღებს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თანხებს თავად განკარგავს, - ამის შესახებ ბრაზილიის პრეზიდენტის პრესსპიკერმა განაცხადა.

სააგენტო „როიტერსის“ ინფორმაციით, რეგო ბაროსმა აღნიშნული კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც ბრაზილიის შტატების გუბერნატორებმა პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონაროს განუცხადეს, რომ მათ ეს თანხა რეკორდული რაოდენობის ხანძრებთან საბრძოლველად სჭირდებათ.

„ბრაზილიის მთავრობა და პრეზიდენტი მზად არიან ქვეყნებისა და ორგანიზაციებისგან ფინანსური დახმარება მიიღონ. როდესაც ეს ფული ქვეყანაში შემოვა, მას სრულად განკარგავს მთავრობა და ბრაზილიელი ხალხი,“ - განაცხადა ბაროსომ.

ამაზონის ტყის ხანძარი საფრანგეთში გამართული „დიდი შვიდიანის“ სამიტის ერთ-ერთი ძირითადი განსახილველი თემა იყო. „დიდი შვიდიანის“ ლიდერები ამაზონის ხანძრის წინააღმდეგ საბრძოლველად 22 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფაზე შეთანხმდნენ, რის მიღებაზეც ბრაზილიამ თავდაპირველად კატეგორიული უარი განაცხადა.