წარბებს შორის ჰქონდა ღრმა ჭრილობა - რას ყვება თვითმხილველი პეკინზე მომხდარ საზარელ ამბავზე

03:38 08-28-2019
7595

ჟურნალისტი ნინო თარგამაძე პეკინზე მომხდარ საზარელ შემთხვევაზე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ის უშუალოდ ინციდენტს არ შესწრებია, თუმცა ხმაურზე და ჩოჩქოლზე მიირბინა.

პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

,,სათვალთვალო კამერებში რაც ჩანს, შოკს ასახავს და არა გულგრილობას ჩემი აზრით. დანის დარტყმის მომენტს არ შევსწრებივარ. კივილზე და ხმაურზე მივირბინე. (ის დანიანი ქალი რამდენიმე მეტრით ჩემს წინ მიდიოდა თურმე). ახლოს რომ მივედი ვნახე გასისხლიანებული პატარა ბავშვი, (ჯერ არ ვიცოდი რომ დაჭრეს, მეგონა დაეცა, ან მანქანამ დაარტყა). დახმარება ვცადე, მაგრამ იქვე მდებარე აფთიაქის გოგოები ჩემზე კვალიფიციურები იყვნენ, ცხადია. მშობლები შოკში, მამა აწყნარებდა მეორე ბავშვს, რომელიც საშინლად დასტრესილი იყო და ტიროდა, დედაც ისტერიკაში, მაგრამ ცდილობდა დაჭრილი ბავშვისთვის მიეხედა. ეს დასერილი ბიჭუნა იყო ყველაზე მამაცი ჩვენს შორის. წარბებს შორის ქონდა ღრმა ჭრილობა, ლოყაც გაჭრილი მაგრამ ბამბის დანახვაზე იძახდა არ დამაჭიროთ მეტკინებაო და მის ადგილზე მე უფრო მეტად ვიჯღავლებდი ამ ასაკშიც. სასწრაფო მალე მოვიდა, თუმცა მეგონა რომ საუკუნე გავიდა.. მე პირადად ახლაც შოკში ვარ, არადა მეგონა რომ კრიტიკულ ვითარებაში ემოციების კონტროლი შემეძლო. ვერ გაიაზრა ხალხმა რო ასე გამვლელმა ქალმა ბავშვს დანა დაარტყა და მაგიტომ დგანან ალბათ გაშეშებულები. შეიძლება რო დამენახა ვერც მე მიმხვდარიყავი და ვერც თქვენ. ბავშვებზე მოძალადე ვერ იქნება ალბათ ჯანმრთელი ადამიანი. არ ვიცი, მაგრამ ასეთ დროს მათ უფლებებზე და ადეკვატურ რეაქციებზე საუბარი ისე მაღიზიანებს, მეშინია ვინმე არ შემომელახოს. მე ვერ დავიძინებ ამაღამ და მშობლები რა დღეში იქნებიან, წარმოდგენაც მიჭირს. მაინც ულამაზესი ბავშვი იქნება ეს პატარა და მთავარია რო გადარჩა. მისი დაც კარგად იქნება. იმედია ჯერ კითხვა არ იცის და ფბ-ზე წვდომა არ აქვს და მისი მშობლების დამუნათება-შეფასებებს არ წაიკითხავს , ეყოფა რაც გადაიტანა'', - წერს ჟურნალისტი.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე  საათის წინ უცნობმა ქალმა, რომელიც ზებრაზე გადადიოდა სამი წლის ბავშვს სახეზე ცივი იარაღი დაუსვა. მან მისი ტყუპისცალი გოგონასკენაც გაიწია, მაგრამ მას მამამ ააფარა ხელი.

თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებს ის ჯერ არ უპოვნიათ.