„მთავარი არხი“ მაუწყებლობას ტელეკომპანია „იბერიის“ შენობიდან დაიწყებს

19:08 08-27-2019
6343

ნიკა გვრამიას ტელევიზია მაუწყებლობას სავარაუდოდ ტელეკომპანია „იბერიას“ შენობიდან დაიწყებს. „პრაიმტაიმს“ ინფორმაცია რამდენიმე პირმა დაუდასტურა.  ასევე ცნობილი ხდება, რომ ნიკა გვარამიასა და „იბერიას“ მენეჯმენტს შორის შენობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა დღესაც შედგა.

მანამდე „პრაიმტაიმი“ უკვე წერდა, რომ გვარამიას ტელევიზიის ერთ-ერთი ინვესტორი „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი, ზაზა ოქუაშვილი იქნებოდა. 

ამასთან, ბიზნესმენმა ლაურა ღაჭავამ ჩვენთან ინტერვიუში დაადასტურა, რომ ოფისის თაობაზე გვარამიას მასთან საუბარი ჰქონდა, მაგრამ საბოლოოდ არჩევანი „ასტრა პარკზე“ შეაჩერა.

ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ამ დროისთვის „ასტრა პარკში“ სარემონტო სამუშაოები დაწყებულია. გვარამიამ კი მაუწყებლობის დაწყება უკვე სექტემბრიდან დააანონსა. შესაბამისად, როგორც ჩანს, ახალი ოფისის გარემონტებამდე არხი ეთრში ტელეკომპანია „იბერიის“ შენობიდან გავა. 

ამ დრომდე „პრაიმტაიმის“ სატელეფონო ზარს არ პასუხობს არც ნიკა გვარამია და არც „იბერიას“ მენეჯმენტი.

შეგახსენებთ, რომ „იბერიამ“ მაუწყებლობა გასულ წელს შეწყვიტა, არხის მენეჯმენტმა მაშინ სახელმწიფოს მხრიდან  „ომეგა ჯგუფზე“ განხორციელებული ფინანსური ზეწოლა დაასახელა. ტელეკომპანიის მთავარი დამფინანსებელი სწორედ „ომეგა ჯგუფი“ იყო, რომლის დამფუძნებელიც ბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილია. მაუწყებლობის შეჩერების შემდეგ ტელეკომპანიამ თანამშრომლებს კუთვნილი ხელფასები და კომპენსაცია არ გადაუხადა, საქმეს ამ დროისთვის მეორე ინსტანციის სასამართლო განიხილავს.