ლავასოღლი გაუსაძლის მდგომარეობაშია - „კანონიერი ქურდის“ ადვოკატები

13:38 08-27-2019
9052

მინდია ლავასოღლი გაუსაძლის მდგომარეობაშია - აცხადებს ე.წ. კანონიერი ქურდის ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე.

კობაიძის ინფორმაციით, ლავას ოღლი, რომელიც სასჯელს თურქეთის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდის, ციხეში მხოლოდ იმიტომ ზის, რომ ამით ქართული მხარეა დაინტერესებული და ამ უკანონო ქმედებაში თურქული მხარეც მონაწილეობს.

მინდია ლავასოღლის კიდევ ერთი ადვოკატი, გელა ნიკოლეიშვილი კი ამბობს, რომ საფრთხის წინაშე დგას არამხოლოდ ლავასოღლის ჯანმრთელობა, არამედ მისი სიცოცხლეც. ადვოკატების ინფორმაციითვე, მინდია ლავასოღლი პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

„საქართველოს მოქალაქე მინდია ლავასოღლი გაუსაძლის მდგომარეობაშია. ვგულისხმობ, რომ მთელ უკანონობის კასკადს აქვს ადგილი. ძალიან სამწუხაროა, რომ თურქეთის რესპუბლიკა, აი, ამ უკანონო ქმედებებში ირიბად თუ პირდაპირ ჩართულია. კონკრეტულად ვგულისხმობ იმას, რომ მინდია ლავასოღლის საკითხი ერთხელ კი არა, ორჯერ გაიარა თურქეთის რესპუბლიკის შესაბამისმა სასამართლოებმა იმასთან დაკავშირებით, რომ მისი ექსტრადირება უნდა მომხდარიყო საქართველოში. მიუხედავად ამისა, საქართველოს მხარემ ვერც ერთხელ ვერ დაასაბუთა ის ფაქტი, რომ მისი ექსტრადაცია უნდა მომხდარიყო და მხოლოდ ფორმალურად გამოუშვეს შესაბამისი პენიტენციური დაწესებულებებიდან. ვგულისხმობ იმას, რომ მინდია ლავასოღლი ორჯერ გამოუშვეს ციხიდან. პირველ შემთხვევაში გარეთ 1 დღე იყო, ხოლო მეორე შემთხვევაში - 40 წუთი. შემდეგ შესახლდა პენიტენციურ დაწესებულებაში ისე, რომ რაიმე კანონდარღვევა არ ყოფილა. მხოლოდ და მხოლოდ შესახლებულია იმიტომ, რომ თურმე საქართველოს მხარეს მინდია ლავასოღლის ინტერესი კვლავ აქვს. ეს არის სრული უკანონობა და განუკითხაობა. შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებს მოვუწოდებ, როგორც საქართველოში, ასევე თურქეთის რესპუბლიკაში, რომ მსგავსი უკანონო ქმედება, რაც შეიძლება სწრაფად მოაგვაროს ან თუ ჩვენი სახელმწიფო ითხოვს, მოხდეს მისი ექსტრადირება როგორც კანონით არის განსაზღვრული.

ჩვენ ადვოკატები და რა თქმა უნდა, ოჯახის წევრები, არ დავუშვებთ იმას, რომ მინდია ლავასოღლი ასეთ მდგომარეობაში იყოს. ნებისმიერ საერთაშორისო ორგანიზაციას მივმართავთ, ვიბრძოლებთ მისი უფლებებისთვის და რაც მთავარია, მოვუწოდებ ჩვენს სახელმწიფოს, ადამიანებს ნუ ჰყოფს კასტებად, სოციალურ ფენებად და სოციალურ დაჯგუფებებად“, - განაცხადა ლავას ოღლის ადვოკატმა, ალექსანდრე კობაიძემ.

დაკავებულის და, ირინა გორაძე კი ამბობს, რომ უკვე 3 კვირაა, რაც ძმასთან კომუნიკაცია არ ჰქონია.