შეთავაზების შემთხვევაში, ლაშა დვალიშვილი მზადაა რუსთავი 2-ზე დარჩეს

11:26 08-27-2019
582

ამ დრომდე უცნობია დარჩება თუ არა რუსთავი 2-ზე არხის სპორტული გადაცემების წამყვანი. ლაშა დვალიშვილი „პრაიმტაიმთან“ საუბარში ამბობს, რომ მისი პროექტი რუსთავი 2-ის ეთერში სპონსორების დახმარებით გადიოდა, სპონსორებთან ხელშეკრულება კი 12 აგვისტოს ამოიწურა.

„პროექტებს ვაკეთებდით სპონსორთან ერთად, ამ პროექტის არსებობა სპონსორზე იყო დამოკიდებული. ამ სპონსორზე იყო მიბმული საინფორმაციოც და გადაცემაც. დამთავრდა კონტრაქტი, რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ მე კონკრეტული ხელშეკრულება არხთან ამ ეტაპზე არ მაქვს იმიტომ რომ არ მყავს სპონსორი“, - ამბობს ჟურნალისტი.

მისი თქმით, ამ ეტაპზე მას გენერალური დირექტორისგან შემოთავაზება არ მიუღია, შესაბამისად, უცნობია გააგრძელებს თუ არა თანამშრომლობას რუსთავი 2-თან.

„არ მიმიღია არანაირი გადაწყვეტილება. გუშინ მოხდა ცვლილება ირაკლი იმნაიშვილის დანიშვნასთან დაკავშირებით და ჯერ არ მქონია შეხვედრა ხელმძღვანელობასთან და არც ირაკლისთან. ამიტომ ჯერ უნდა გავესაუბრო და მერე მივიღებ გადაწყვეტილებას“, - ამბობს დვალიშვილი.

კითხვაზე, რა შემთხვევაში მიიღებს არხზე დარჩენის გადაწყვეტილებას, დვალიშვილი ამბობს, რომ ეს იქნება დამოკიდებული მენეჯმენტის ხედვაზე სპორტის მიმართულებით და ტექნიკურ დეტალებზე:

„გასარკვევი იქნება ბადე, ქრონომეტრაჟები, წმინდა ტექნიკური საკითხები და მათი ხედვაც კონკრეტულად სპორტის მიმართულებით. დღეს რომ გადავხედოთ სატელევიზო სივრცეში, სპორტის მიმართ დამოკიდებულება ზერელეა. ვნახოთ როგორ იქნება, ჩამოვყალიბდებით და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა დვალიშვილმა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე არ ყოფილა შემოთავაზება არც „მთავარი არხიდან“ და არც სხვა რომელიმე ტელევიზიიდან. შემოთავაზების შემთხვევაში კი, როგორც ჟურნალისტი ამბობს, განიხილავს ყველა ვარიანტს.

„განვიხილავ ყველაფერს. საუბარს და შეხვედრას წინ არაფერი არ უდგას. ყველას შევხვდები და ყველას გავესაუბრები, ვისაც ინტერესი ექნება ჩემთან თანამშრომლების. ჯერ არანაირი შემოთავაზება არ ყოფილა არცერთი არხიდან“, - ამბობს დვალიშვილი.

„ირაკლი იმნაიშვილთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. მზეში ვმუშაობდით ერთად. მრავალწლიანი ურთიერთობა გვაქვს და ვიცი რა დონის ჟურნალისტია და დიდი გამოცდილების მქონე მენეჯერული კუთხითაც“, - განაცხადა ლაშა დვალიშვილმა „პრიმტაიმთან“.

ცნობისთვის, ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის აღმასრულებელ დირექტორად ჟურნალისტი ირაკლი იმნაიშვილი ინიშნება, რომელიც ამ დრომდე BBC-ზე მუშაობს.