„ფორსაჟი 9“-ის გადაღებების გამო, თავისუფლების მოედნიდან ყოფილი ფოსტის შენობამდე მოძრაობა აიკრძალა

09:48 08-27-2019
125

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის ინფორმაციით, პირველი სექტემბრის ჩათვლით, ჰოლივუდის ფილმის – Fast and Furious 9-ის („ფორსაჟი 9“) ერთ-ერთი ეპიზოდის გადაღებების გამო, რუსთაველის გამზირზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდული იქნება.

უწყების ცნობით, ავლაბრიდან მომავალი ავტოტრანსპორტის ნაკადი ბარათაშვილის ხიდის გავლით მოძრაობს, როგორც თავისუფლების მოედნის მიმართულებით, ასევე ორბელიანის მოედნიდან თაბუკაშვილის ქუჩის მიმართულებით.

„მეტროსადგურ „რუსთაველიდან“ მოძრავ ავტოტრანსპორტს მოძრაობა შეუძლია ყოფილი ფოსტის შენობამდე და მოძრაობას განაგრძობენ რესპუბლიკის მოედნის მიმართულებით. მოძრაობა აკრძალულია რუსთაველის გამზირზე შემსვლელ და გამსვლელ ყველა ქუჩაზე.

ზემო ვერაზე მოძრავი ავტოტრანსპორტი სარგებლობს გრიბოედოვისა და ბარნოვის ქუჩებით, რომელთა გავლითაც ხვდებიან რუსთაველის გამზირზე.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები მოძრაობის უსაფრთხოების და შეფერხებების თავიდან აცილების მიზნით დაარეგულირებენ ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნაკადს, საჭიროების შემთხვევაში პატრულ-ინსპექტორები მძღოლებს ალტერნატიული მარშრუტების შესახებაც მიაწვდიან ინფორმაციას,“ - აღნიშნულია შსს ინფორმაციაში. 

აღნიშნულ მონაკვეთზე ფეხით მოსიარულეები გადაადგილებას შეძლებენ 21:00 საათიდან 07:00 საათამდე.