რუსები გვახსენებენ კონფლიქტს და ჩვენ თვითონ არ გვახსენდება - პაატა ზაქარეიშვილი

17:05 08-26-2019
87

რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი, ოკუპირებული ტერიტორიები და 11 წელი 2008 წლის 26 აგვისტოდან... ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე „პრაიმტაიმი“ პოლიტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის დაუკავშირდა, რომელმაც დეტალურად ისაუბრა, იმ პრობლემებსა თუ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც საქართველო დგას.

„ყველაზე მძიმე შედეგი, რაც 2008 წლის საომარი მოქმედებების შემდეგ  დადგა, დაღუპული მეომრები და ჩვენი გმირები არიან, რომლებიც მუდმივად იმსახურებენ გახსენებას და პატივისცემას. მაგრამ პოლიტიკურად ყველაზე მძიმე შედეგი სწორედ, 11 წლის წინ იყო, როდესაც რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. შევარდნაძემ კი იცოდა, რომ რუსეთი ასეთი ვერაგი სახელმწიფო იყო. როცა დღეს კიდევ ხელისუფლებაშია და ამბიციები აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა შევახსენოთ, რომ ეს ყველაფერი მათ სინდისზეა. საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთესო, რათა აფხაზები და ოსები დაარწმუნოს, რომ ჩვენთან ცხოვრება უფრო მნიშვნელოვანი, პერსპექტიული და წარმატებულია, ვიდრე რუსეთთან. 

დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე ეს თითქმის წარმოუდგენელია, რადგან ხელისუფლება პრაქტიკულად არაფერს აკეთებს აფხაზურ და ოსურ წარმომადგენლებთან სასაუბროდ. არ აღიარებს კონფლიქტის მხარედ. ყველაფერს მხოლოდ რუსეთს აბრალებს. ამით მათ პოზიციას აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში აძლიერებს. პრაქტიკულად მე ვერ ვხედავ, როგორ შეიძლება დააინტერესოს საქართველომ აფხაზეთისა და ოსური საზოგადოება, რომ მათ საქართველოში პერსპექტივა დაინახონ. შეხედავენ, როგორი რთულია საქართველოში შიდა პოლიტიკური კონტექსტი. დაუნდობლობა, ერთმანეთის განწირვა, პრაქტიკულად გახლეჩილია საზოგადოება. ბრძოლა ბიზნესმენებთან, ტელევიზიებთან ოღონდ ადამიანი არ მოვიდეს პოლიტიკაში... სრული პანიკაა... ახლა ამ ხელისუფლებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისთვის სცალია? საქართველოს არ ადარდებს და არ ფიქრობს დღეს, როგორ გამოასწოროს ის ვითარება, რაც დადგა 2008 წლის 26 აგვისტოს,“ - აცხადებს ზაქარეიშვილი.

​მისივე თქმით, რაც უნდა უცნაური იყოს, ხშირად რუსები გვახსენებენ ოკუპაციას. საზოგადოება კი, იმდენად გადართულია მიმდინარე მოვლენებზე, რომ დაკარგული ტერიტორიები ავიწყდება.

„პრაქტიკულად მავთულხლართების გავლება, რომ არ იყოს რუსეთის მხრიდან ოკუპაცია საერთოდ არ გვემახსოვრებოდა. რუსმა ოკუპანტებმა რომ შეწყვიტონ უცებ გავლება, ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, რომ საერთოდ არ გაგვახსენდება, რომ კონფლიქტი არსებობს, ან რუსეთმა ტერიტორიები აღიარა. ცინიკური სიტუაციაა, რომ რუსები გვახსენებენ კონფლიქტს და ჩვენ თვითონ არ გვახსენდება. ჩემთვის სრული გაუგებრობაა. რა განაპირობებს ამ ყველაფერს ქართულ საზოგადოებაში მსჯელობა არ არსებობს. რაღაცას, რომ იტყვი მაშინვე ჩამოგკიდებენ იარლიყს, რომ რუსეთის აგენტი ხარ. საზოგადოებაში არავითარი განცდა არ არის, რომ მსჯელობა იყოს, ჭეშმარიტება დადგინდეს,“ - აცხადებს ზაქარეიშვილი.

„პრაიმტაიმის“ კითხვაზე, თუ რაში ხედავს გამოსავალს კონკრეტულ ვითარებაში, პოლიტოლოგი გვპასუხობს, რომ აუცილებელია, აფხაზებმა და ოსებმა დაინახონ განსხვავება დემოკრატიულ საქართველოსა და ავტორიტარულ რუსეთს შორის. 

„უპირველეს ყოვლისა, ხელისუფლებამ უნდა თქვას, რომ 2008 წლის მოვლენებზე პასუხისმგებლობა, როგორც რუსეთს ასევე ქართულ მხარესაც ეკისრება. ეს უნდა გააგონონ ოსებს და აფხაზებს. იმ ხალხს, ვისთანაც შერიგება უნდათ. რაც ჩვენ ქართველებს დღეს გვიჭირს, ის არის, რომ ჩვენ გვეშინია რეალობის, სიმართლის თქმის. სიმართლეზე მსჯელობის გვეშინია. რა მოხდა 2008 წელს?... უნდა გაიხსნას არქივები. ვინაიდან ამაზე საუბარი არ არის, ეს ყველაფერი იფარება ჭორებით და საზოგადოება ჩიხში შედის. ხელისუფლება არაკომპეტენტური. ოპოზიცია კი -  „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“, რომლის დროსაც კონფლიქტი მოხდა კომპეტენტურები არიან. მათ იციან რა დააშავეს. რა ცოდვები აქვთ. ამიტომ სადარაჯოზე არიან, რომ არავინ არ გაიგოს, რათა აფხაზებმა და ოსებმა დაინახონ, რომ საზოგადოებაში დაიწყო მსჯელობა კრიზისიდან გამოსვლის გზები. როცა პრემიერ-მინისტრი გაეროში ამბობს, რომ საქართველოში ეთნიკური კონფლიქტი არ ყოფილა და ეს რუსული პროპაგანდაა ეს მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ უფრო ღრმად შევდივართ ჩიხში. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩენ არ გვინდა ვაღიაროთ რაც იყო. ოსები და აფხაზები ამას ხომ უსმენენ. ჩვენ გაეროსთან, ხომ არ ვაპირებთ შერიგებას. ჩვენ გვინდა აფხაზებთან და ოსებთან. ისინი კი ხედავენ, რომ ამ ყველაფრის აღიარება არ გვინდა. უპირველეს ყოვლისა, უნდა ითქვა სიმართლე, თუ რა მოხდა. მათ უნდა აჩვენო, რომ საქართველო იცვლება. ხდება ცივილიზებული და ევროპული თანამედროვე ქვეყანა. უნდა ნახონ განსხვავება დაემოკრატიულ საქართველოსა და ავტორიტარულ რუსეთს შორის. ჯერჯერობით ისინი ამ განსხვავებას ვერ ხედავენ,“ - განუცხადა „პრაიმტაიმს“ ზაქარეიშვილმა. 

ზუსტად 11 წლის წინ - 2008 წლის 26 აგვისტოს, რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.

როგორც მაშინდელმა რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა განცხადა, ეს მარტივი არჩევანი არ იყო, თუმცა - „ერთადერთი შესაძლებლობა ადამიანების სიცოცხლის შესანარჩუნებლად“.

2008 წლის 26 აგვისტოს შემდეგ, რაც რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეგიონები დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა, კრემლმა მხოლოდ 4 სახელმწიფოს დაყოლიება შეძლო. პირველი ნიკარაგუა იყო, რომელიც მოსკოვის უკანონო განზრახვას 8 დღის შემდეგ აჰყვა, მოგვიანებით კი, ვენესუელა და ნაურუ. ამ ქვეყნებმა კრემლისგან მილიონობით დოლარი, იარაღი თუ სხვა სახის სარგებელი მიიღეს და არ დაუმალავთ, რომ კმაყოფილნიც დარჩნენ. 

ავტორი: თათია ცუკოშვილი