Exclusive „რისი გამხელაც შემიძლია არის ის, რომ საქართველოში სექსშოფი იხსნება“ - ნინო ლეჟავა

16:24 08-26-2019
1648

დიდ დიღომში სექსშოფი გაიხსნა. მისი მენეჯერი მსახიობი ნინო ლეჟავაა. სექშოფის გახსნას დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა. დაიხურება თუ განაგრძობს მუშაობას „აფროდეტე“, მალევე გახდება ცნობილი. მანამდე კი „პრაიმტაიმმა“ ამის შესახებ ექსკლუზიური ინფორმაცია მოიპოვა. 

რეჟისორი გიორგი სახელაშვილი, ციურიხის ხელოვნების უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, ქართულ-შვეიცარულ კო-პროდუქციას იღებს. მოკლემეტრაჟიანი ფილმის სცენარის ავტორიც თავადაა. ფილმის ტექნიკური სტაფი - ოპერატორი, გამნათებელი, ხმის რეჟისორი - შვეიცარელები არიან. გადამღები ჯგუფი საქართველოშია, გადაღებები თბილისში მიმდინარეობს. 

ფილმის სახელწოდებაა „აფროდიტე“. ქართულ-შვეიცარულ კო-პროდუქციაში სხვა მსახიობებთან ერთად თამაშობენ - ნინო ლეჟავა, რუსუდან ბოლქვაძე, ბერტა ხაფავა... 

„ჩემი გმირი მედეა საქართველოში სექსშოფს ხსნის. მაღაზიის მენეჯერი გახლავართ“ – „პრაიმტაიმს“ უმხელს მსახიობი ნინო ლეჟავა. მისივე ინფორმაციით, ფილმი კომედიური ჟანრით ვითარდება, თუმცა ზუსტ დეტალებს რეჟისორი გაგვიმხელს.  ჯერჯერობით, გიორგი გადასაღებ მოედანზეა და ინტერვიუსთვის არ სცალია. 

- ნინო, როდესაც რეჟისორმა ეს როლი შემოგთავაზათ, როგორი იყო თქვენი რეაქცია?

- მე თავშივე ვარკვევ, უხამსი სცენები არ მქონდეს სათამაშო. რისი გამხელაც შემიძლია არის ის, რომ სექსშოფი იხსნება და ტექსტუალური სცენები მაქვს. ჩემ სცენებში მთელი ამბავი მაღაზიის გარშემო ვითარდება. უნდა გითხრათ, რომ სექსშოპში პირველად აღმოვჩნდი და კურიოზები იყო. ვუყურებდი ამ ნივთებს და დავიწყე გამოცნობა - ნეტავ, ეს რა არის-მეთქი? მერე როცა გამოვიცნობდი - უი, უი, მივხვდი-მეთქი და მიხაროდა (იცინის). ყუთიდან ამოღებულის გაყიდვა თურმე აღარ შეიძლება. ვხუმრობდი - რამდენი ნივთი „გეტენებათ“ და სამახსოვროდ თუ მოგიწიათ ამათი ჩამორიგება-მეთქი...

- ვისთან მოგიწიათ პარტნიორობა?

- ძალიან სასიამოვნო იყო ორ ახალგაზრდა მსახიობთან პარტნიორობა - მარიამ იმედაშვილთან და გიორგი გაჩეჩილაძესთან (შონზოს შვილია). დიდი და საოცარი დიალოგი მაქვს რუსუდან ბოლქვაძესთან. ბედნიერი ვარ, რომ მასთან პირველად მომიხდა პარტნიორიობა. 

-  გამოდის, ეს ფილმი კომედიაა.

- ფილმს „სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს“ ქვეტექსტი აქვს. აქვს სასაცილო სიტუაციები, თუმცა ზუსტი ჟანრი არ ვიცი... 

 

ავტორი: თამარ გონგაძე