ცნობილი ხდება ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის ახალი დეტალები

16:07 08-26-2019
2113

გერმანული მედიის ცნობით, ბერლინში 23 აგვისტოს მომხდარი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია ჩეჩნური წარმომავლობის რუსეთის მოქალაქე. საუბარია 49 წლის მამაკაცზე, რომელსაც ბრალი განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაში ედება.

გერმანული გამოცემები წერენ, რომ ის ბერლინის ერთ-ერთ სკვერში თავის მსხვერპს ველოსიპედით მუახლოვდა, თავში ესროლა და მიმალვა სცადა, დანაშაულის იარაღი კი მდინარე შპრეეში გადააგდო, რომელიც მოგვიანებით მყვინთავებმა ამოიღეს.  

გამოცემა Berliner Kurier ხაზს უსვამს კავშირს ბერლინში მომხდარ მკვლელობასა და 2012 წლის აგვისტოში საქართველოში, კერძოდ ლოპოტას ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციას შორის.

მედია ასევე წერს, რომ ზელიმხან ხანგოშვილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიტერორისტულ განყოფილებაში მსახურობდა და ქვეყნის საიდუმლო სამსახურებთან თანამშრომლობდა. იქვე აღნიშნულია, რომ ჩეჩნეთის ომის დროს ხანგოშვილი რუსეთის სახელისუფლების ძალების წინააღმდეგ იბრძოდა.