როგორ გაინაწილეს „რუსთავი 2“ ნიკა გვარამიამ და დავით კეზერაშვილმა

15:21 08-26-2019
1297

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა ახალი ტელეარხების შექმნა განაპირობა.

არხიდან წასული სახეები კეზერაშვილის ტელევიზიასა და გვარამიას მთავარ არხზე ნაწილდებიან.

ამ დროისთვის ცნობილია, რომ კეზერაშვილის ტელევიზიაში რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის ყოფილი მოადგილე საინფორმაციო სამსახურის უფროსად დაინიშნა.

„პრაიმტაიმი“ დაინტერესდა როგორ გადანაწილდებიან რუსთავი 2-ის ყოფილი სახეები კეზერაშვილის ტელევიზიასა და გვარამიას ტელევიზიას შორის.

პრაიმტაიმთან“ საუბრისას ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი ამბობს, რომ ამ ეტაპზე „კურიერისა“ და „პოსტსკრიპტუმის“  არცერთ ჟურნალისტს არ უსაუბრია კეზერაშვილის ტელევიზიაში წასვლაზე. ისინი გვარამიასთან მთავარ არხზე იმუშავებენ.

„გავრცელებული ინფორმაცია, რომ კეზერაშვილის ტელევიზიაში ეკა კვესიტაძე მიდის, ტყუილია. ამ დროისთვის იქ მხოლოდ გიორგი ლაფერაშვილი წავიდა. ვიცი, რომ ლაფერაშვილს ჟურნალისტებთან მოლაპარაკებები აქვს, მაგრამ თანხმობა ჩემი ინფორმაციით, მათ არ უთქვამთ. გუნდის 90 პროცენტი ისევ ერთად ვართ.

ეკა კვესიტაძე, გიორგი გაბუნია, ვანო ჯავახიშვილი, კურიერის და პოსტსკრიპტუმის თითქმის სრული შემადგენლობა, რა თქმა უნდა, ნიკა გვარამია და მე  ყველა „მთავარ არხზე“ ვართ.

რაც შეეხება „რუსთავი 2“-ზე დარჩენილებს: ნანა ინწკირველს ცხოვრების სულ სხვა ეტაპი აქვს, იქ გაატარა თავისი შეგნებული ცხოვრების უამრავი წელი და მისი კარგად მესმის. იგივე შემიძლია ვთქვა მაია ასათიანზე“. 

„პრაიმტაიმი“ გიორგი ლაფერაშვილსაც დაუკავშირდა, რომელიც კეზერაშვილის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსად განიხილება. როგორც მან განმარტა, ახლა შვებულებაშია და ნაადრევია ახალი ტელევიზიის ახალ გუნდზე საუბარი.

„ჯერ ძალიან ადრეა იმაზე საუბარი, ვინ იქნება ჩვენს ახალ გუნდში. ყველაფერი თავის დროზე გახდება ცნობილი“ - აცხადებს ლაფერაშვილი.

შეგახსენებთ, 18 ივლისს რუსთავი2-ის ახალმა დირექტორმა, პაატა სალიამ არხიდან საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე, გადაცემა „განსხვავებული აქცენტების“ წამყვანი ეკა კვესიტაძე, „ნანუკას შოუს“ წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი და რუსთავი2-ის გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი ლაფერაშვილი გაუშვა. სამსახურიდან მათ გათავისუფლებას საინფორმაციო გადაცემების ჟურნალისტები შეუერთდნენ. ამის შემდეგ გასართობი გადაცემების წამყვანების ერთმა ნაწილმაც დატოვეს რუსთავი2. 

 

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური