ზაზა სარალიძეს მიხეილ კალანდიას პროცესზე დაკითხავენ - თარიღი ცნობილია 

14:27 08-26-2019
1164

ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესზე, დაზარალებულ ზაზა სარალიძეს 12 სექტემბერს დაკითხავენ.  ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ ბრალდებულის ადვოკატმა ზურა თოდუამ განუცხადა. 

„12 სექტემბერს ზაზა სარალიძეს დაკითხავენ. გვინდა, რომ სასამართლო პროცესი გახსნილი იყოს, რადგან ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს. ვითხოვთ, რომ სხდომები სრულად თუ არა, ნაწილობრივ მაინც გასაჯაროვდეს. მინდა, რომ ჟურნალისტებისთვის ღიად წარიმართოს პროცესი, მითუმეტეს, რომ 12 სექტემბერს ზაზა სარალიძე უნდა დაიკითხოს“, - ამბობს თოდუა.

მან ამ მოთხოვნით სასამართლოს დღეს უკვე მიმართა. თუმცა, სასამართლო არ იყო ერთადერთი, სადაც თოდუამ განცხადება შეიტანა. მან სახალხო დამცველსაც მიმართა და შეატყობინა, რომ მიხეილ კალანდიას დაცვის უფლება ირღვეოდა.

„მიხეილ კალანდიას მოსანახულებლად ციხეში ორჯერ ვიყავი. იქ ორი ოთახია. მარჯვენა ოთახში შევედი. კალანდია კი მარცხენაში შეიყვანეს. ვიცოდი, რომ სწორედ ამ მხარეს ოთახები სააკაშვილის დროს მოსასმენი ტექნიკით იყო აღჭურვილი. როგორც ჩანს, არაფერი შეცვლილა. პირველად რომ მივედი და კალანდია მარცხენა ფლიგელში ერთ-ერთ ოთახში შევიყვანე, მოგვთხოვეს მარჯვენაში გადასსხვლა - კონდიცირებული, უფრო კომფორტული ოთახები აქეთ გვაქვსო. მეორედაც იგივე განმეორდა. რა თქმა უნდა, მივხვდი საქმე რაშიც იყო. მე კი, ხან ფეხების ბაკუნით, ხან კი - გასაღების ჩხრიალით ვცდილობდი მათთვის მოსმენაში ხელი შემეშალა. რამდენად გამომივიდა არ ვიცი,“ - უამბობს „პრაიმტაიმს“ ზურაბ თოდუა.

ცნობისთვის, ხორავას ქუჩაზე, მოზარდების მკვლელობის საქმეზე, მიხეილ კალანდიას პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა. ის 4 ივნისს დააკავეს. მანამდე გამოძიება მას დანაშაულის დაფარვას ედავებოდა.

მოზარდების მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულია ორი არასრულწლოვანი. განაჩენი სააპელაციო სასამართლომ 3 ივნისს გამოაცხადა.