გიორგი ლაფერაშვილი ქიბარ ხალვაშს სასამართლოში უჩივლებს

11:51 08-26-2019
5052

„ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებულმა პირმა შემომთავაზა ეტაპობრივად ჩემი პრობლემების მოგვარება და ხელფასის 30%-იანი მატებაც - ამის შესახებ რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის ყოფილმა მოადგილემ გიორგი ლაფერაშვილმა, „კვირის პალიტრას“ განუცხადა.

მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მერე, პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა „რუსთავი 2“.

„ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებულმა პირმა შემომთავაზა ეტაპობრივად ჩემი პრობლემების მოგვარება და ხელფასის 30%-იანი მატებაც. აბსოლუტურად გაურკვეველია, რამდენიმე დღის წინ სალიამ რა დამატოვებინა, როდესაც 19 ივლისის დილით, ანუ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მერე, პირადი განცხადების საფუძველზე დავტოვე „რუსთავი 2“. ეს ჩემმა ხელქვეითებმა და ზემდგომმა პირებმაც იცოდნენ. ისე, მათი თხოვნა, რომ შვებულება დამეწერა და ამ ფორმით წავსულიყავი, გავითვალისწინე. უკან მიბრუნებას რომ არ ვაპირებდი, ყველამ იცოდა. ხალვაშს თუ პრობლემა აქვს სარედაქციო პოლიტიკასთან, შეეძლო თავიდანვე ეთქვა, რა საჭირო­ იყო ეს ერთთვიანი კატათაგვობანა? თუ ასე ძალიან უნდა „კურიერი“, რომლის შესახებაც თვალცრემლიანი ლაპარაკობდა თათბირებზე, გაუგებარია, ეს რა გაითამაშა? თავის დროზე, 2006 წელს, ისე მივედი მის ტელევიზიაში სამუშაოდ, სანამ არ წამოვე­დი, საჭიროდ არ ჩაუთვლია, გამარჯობა ეთქვა“,- განაცხადა ლაფერაშვილმა.

ის აცხადებს, რომ შესაძლოა სასამართლოს მიმართოს პატივისა და ღირსების შელახვისთვის.

„ვერ მივიღებ ბრალდებას, რომ ვიღაცის ხელფასს ვჭამდი, რომ თანამშრომლებს­ შიოდათ და მე მაძღარი ვიჯექი. მარტო თანხის გაცემის უწყისებს რომ აფრიალებენ, იმავე დღეს თანხის მიღების უწყისებიც ააფრიალონ. შავი პიარის აგორებას ცდილობენ. არ გამოვრიცხავ, რომ სასამართლოს მივმართო საპასუხო სარჩელით პატივისა და ღირსების შელახვისთვის“,- განაცხადა ლაფერაშვილმა.

20 აგვისტოს არხის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ გამოაცხადა, რომ სხვებთან ერთად არხიდან გიორგი ლაფერაშვილიც გაათავისუფლა.