სონკა - ქურდული სამყაროს დედოფალი და მისი საბედისწერო შეცდომა

11:19 08-26-2019
12100

სონკა, ცხოვრება მასწავლე“, „საძმო არასოდეს დაგივიწყებს“, „როსტოვს ყველაფერი ახსოვს“, - ასეთი წარწერები აქვს მოსკოვში, ვაგანკოვის სასაფლაოზე იტალიელი ხელოსნების მიერ შექმნილი თეთრი მარმარილოს ქანდაკებას, რომელიც ქალის ფიგურაა. ძეგლი მსოფლიოს სხვადსხვა კანონიერი ქურდების მიერ ერთობლივად შეიქმნა.

სონკა - „ქურდების დედოფალი“, გარდასახვის საოცარი უნარის წყალობით სამართალდამცველებს ყოველთვის ხელიდან უსხლტებოდა, თუმცა უპასუხო გრძნობამ საბედისწერო შეცდომა დააშვებინა…

შეინდლია-სურა სოლომნიაკი ვარშავის მიყრუებულ დაბაში დაიბადა. ოჯახში, სადაც ქურდული სამყაროს მომავალი დედოფალი დაიბადა, მოპარული ნივთების გასაღება, კონტრაბანდა და ყალბი ფულის დამზადება ცხოვრების წესი იყო. პატარა სურა, მამასთან მოსულ გადამყიდველებსაც კი ქურდავდა. მას მარტივად შეეძლო მამაკაცებისთვის თავბრუსდახვევა, მოტყუება და გაძარცვა.

სონკამ „საქმიანობა“ მესამე კლასის ვაგონებში წვრილმანი ქურდობიდან დაიწყო და მალე ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელი გახდა, რომელიც 1860-70-იან წლებში რუსეთის უდიდეს ქალაქებსა და ევროპას შიშის ზარს სცემდა.

„ქურდების დედოფალი“ ჭკვიანიც იყო (5 უცხო ენა იცოდა) და არტისტულიც გახლდათ, რისი წყალობითაც თავს ხან ბარონესად ასაღებდა, ხან ვიკონტესად.

გრძელი ფრჩხილების ქვეშ ქალი საიუველირო მაღაზიებიდან მოპარულ ბრილიანტებს მალავდა. გრძელი, ფართხუნა კაბის დახმარებით კი ქსოვილების მაღაზიებიდან უძვირფასები ქსოვილები გამოჰქონდა.

საოცარი ნიჭიერების, გარდასახვის უნარისა და ფანტაზიის წყალობით, მისი ყოველი თაღლითობა საზოგადოებისთვის სენსაცია ხდებოდა. რამდენჯერმე გისოსებს მიღმაც აღმოჩნდა, თუმცა თავი ადვილად დაიძვრინა.

სონკა პირველად 1864 წელს, 18 წლის ასაკში, გათხოვდა. ცოლად გაჰყვა მდიდარი ვაჭრის ვაჟს ისააკ როზენბანდს და საცხოვრებლად ვარშავაში გადავიდა. ქორწინება დიდხანს არ გაგრძელებულა – შვილის გაჩენის შემდეგ ქალმა ქმარ-შვილი მიატოვა და გამომშვიდობებისას, პირწმინდად გაძარცვა. 

მეორედ ბებერ, მაგრამ მდიდარ ებრაელს შელომ შკოლნიკს გაჰყვა, რომელიც ისე გაძარცვა, რომ მამაკაცს ვალები დაედო. როგორც კი ქმრის ფული ბოლომდე გაანიავა, სონკამ შკოლნიკი მიატოვა და ბანქოს შულერს აეკიდა, რომელიც მალე მატარებლების ქურდზე მიხეილ ბლიუვშტეინზე გაცვალა.

სონკა არასოდეს ივიწყებდა საკუთარ შვილებს, რომლებსაც უცხო ადამიანები უზრდიდნენ და რეგულარულად ფულს უგზავნიდა.

1866 წელს სონკამ პეტერბურგში ბანდიტური დაჯგუფების შექმნა დაიწყო და ამ საქმეში ცნობილი ქურდი, ლევიტა სანდანოვიჩი ჩართო. ის ოდესასა და ლონდონში არასრულწლოვანი ქურდების „სკოლების“ შექმნაზე ზრუნავდა და ამბობენ, რომ ქურდული „ობშიაკის“ შექმნისა და გაჭირვებაში ჩავარდნილი კრიმინალების დახმარების იდეაც მას ეკუთვნის.

„ოქროსხელება“ ყოველთვის მარტო მუშაობდა. ასევე მარტომ შეიმუშავა ქურდობის ახალი მეთოდი, სახელად „ხიპესი“, რომელიც მსხვერპლის სექსზე დაყოლიების გზით გაძარცვას გულისხმობდა. მექალთანე მამაკაცები ძვირად ღირებულ ბეწვის ქურქში გამოწყობილ და ბრილიანტებით დამშვენებულ ლამაზ ქალს სასტუმროს ნომერში მორჩილად მიჰყვებოდნენ და სანამ მასთან ლოგინში ნებივრობდნენ, სონკას თანამზრახველი ჯიბეებს და საფულეს უსუფთავებდა

ყოვლისშემძლე ქურდი ქალის ცხოვრებაში ოდესელი ახალგაზრდა, სიმპათიური ქურდის ვალოდია კოჩუბჩიკის (ვოლფ ბრომბერგი) გამოჩენა საბედისწერო აღმოჩნდა.

სონკას მანამდე ნამდვილი სიყვარულით არავინ ყვარებია, ამიტომ კოჩუბჩიკის შენარჩუნებას ფულითა და ძვირფასი საჩუქრებით ცდილობდა.

კოჩუბჩიკს ქალის მეურვეობა მალე მობეზრდა. ის სათამაშო სახლებში მისულ „ოქროსხელებას“ გინებით და ცემა-ტყეპით აგდებდა, თუმცა კრიმინალური სამყაროს ძლევამოსილი დედოფალი საყვარლისგან ყველანაირ დამცირებას ითმენდა, თუმცა ბანქოს შულერს, რომელმაც ქალის მთელი ქონება გაანიავა, ასაკით უფროსი, დაღლილი საყვარელი აღარაფერში ჭირდებოდა. მან უყოყმანოდ დაასმინა პოლიციასთან თავისი მფარველი, რათა აზარტისა და ახალგაზრდა გოგონების სამყაროში გადაშვებულიყო.

სონკა გაასამართლეს და ციმბირში გააგზავნეს. „ოქროსხელებამკატორღიდან გაქცევა სცადა. მეორე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, ის სასტიკად გაროზგეს და ხელებზე და ფეხებზე ბორკილები დაადეს, რომლებიც სამი წელი ატარა. ამბობენ, რომ მანამდე კატორღაზე ქალი ასე მკაცრად არასოდეს დაუსჯიათ.width=700

სონკას სიკვდილზე უამრავი ლეგენდა არსებობს. ზოგი ამბობს, რომ ის კატორღიდან გამოვიდა და 1947 წელს ოდესაში, ღრმად მოხუცებული გარდაიცვალა. მეორე ვერსიით, ოდესაში აღარასოდეს ჩასულა და 1920 წელს მოსკოვში მოკვდა. კიდევ ერთო ვერსიით ქალმა ვერ გაუძლო პატიმრობის მკაცრ წესებს და 45 წლის ასაკში გარდაიცვალა.

აღსანიშნავია, რომ სახალინზე გარდაცვლილი ქალი, რატომღაც მოსკოვის ცენტრში, პრესტიჟულ სასაფლაოზე დაკრძალეს. მე-19 საუკუნის უდიდესი ავანტიურისტი ქალის სიცოცხლე და გარდაცვალება დღემდე ბევრ კითხვას აჩენს, თუმცა ერთი რამ ცხადია – „ოქროსხელებამ“ სიყვარულში საბედისწერო შეცდომა დაუშვა, რომელიც განაჩენად ექცა.