გაიცანით ბიჭი, რომელმაც ბათუმში ბავშვები დახრჩობას გადაარჩინა - 4 საათი ვცდილობდი ტალღებიდან ბიჭის გამოყვანას

22:57 08-25-2019
31121

პრაიმტაიმმა“ მამუკა ხილაძესთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა. მას საზოგადოება გმირს უწოდებს, რადგან 5 ბალიან შტორმს არ შეუშინდა და ბათუმში 3 დამსვენებელი ბავშვის სიცოცხლე ძლიერი ტალღებისგან იხსნა.

მის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მომხმარებელმა გაავრცელა.

როგორც მამუკა ხილაძემ „პრაიმტაიმს“ განუცხადა, ის 25 წლის სტატუს შეჩერებული სტუდენტია. ბათუმის სანაპიროს გმირი ე.წ. შეზლონგების გაქირავებით ოჯახს ეხმარება. სწავლის დაფინანსებას კი ვერ ახერხებს. ამბობს, რომ უყვარს ტალღები, ადამიანების დახმარება და უბრალოდ პატიოსანი შრომა. ახლობლები თავგანწირვისთვის ხან აქებენ, ხანაც საყვედურობენ. ამაყობს, რომ მას გმირს ეძახიან, მაგრამ მაინც არ ესმის რა არის განსაკუთრებული ადამიანების დახმარებაში...

„ტალღები მიყვარს, არასოდეს მეშინია აღელვებული ზღვის. არც კი ვფიქრობ დაძაბულ მომენტში შევიდე თუ არა სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად, ინსტინქტურად ზღვაში ვხტები.

ამ ორ დღეში იმდენი პოზიტიური წერილი მივიღე ჩემთვის უცხო ადამიანებიდან, გმირს მეძახიან და ემოციებით სავსე ვარ.

არ მესმის ასე უცებ რით დავიმსახურე ამდენი ადამიანის სიყვარული, მაგრამ ძალიან მახარებს.

სანაპიროზე სამუშაოდ რომ გავდივარ, ჩემზე ერთმანეთს ანიშნებენ აი ეს ის მამუკააო. ამაყი ვარ.

წელს გახმაურდა ჩემს შესახებ ეს ისტორია, თორემ ბოლო 3 წლის განმავლობაში 10-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინე.

ყოველ ჯერზე ვთვლი, რომ ვისაც რა შეგვიძლია ერთმანეთისთვის ის უნდა გავაკეთოთ. ბევრი ახლობელი მეუბნება, ასე გარისკვა არ ღირსო, მაგრამ სხვანაირად არ შემიძლია.

ჩემს მიერ გადარჩენილ ადამიანებს შორის შარშანდელი შემთხვევა მახსენდება. 4 საათი ვცდილობდი ტალღებიდან ახალგაზრდა მამაკაცის გამოყვანას. ბოლოს მაშველები კატერით შემოვიდნენ და ისე გამოვიყვანეთ. ყველაზე რთული ეს ისტორია იყო. მერე მირეკავდა და მეუბნებოდა, მთელი ჩემი სანათესაო გლოცავსო. ორი დღე ერთად გავატარეთ, პატივი მინდა გცეო, მაგრამ მას შემდეგ აღარ გამოჩენილა.

ახლაც დამირეკა გუშინდელ შემთხვევაზე ერთ-ერთი გადარჩენილი ბავშვის მშობელმა და მიხსნიდა, რომ გამომეპარაო. ალბათ, მშობლების მიმართ უარყოფითი კომენტარების შემდეგ გადაწყვიტა აეხსნა. მე კი ვპასუხობდი, რომ ხდება ხოლმე მსგავსი შემთხვევები. ყოველთვის მზად ვარ, ვისაც დასჭირდება ჩემი დახმარება, რა თქმა უნდა, დაუფიქრებლად ისევ დავეხმარები. მამამ მითხრა უნდა დახმარებოდი, სხვანაირად როგორ შეიძლებაო. დედამ მისაყვედურა, რამე რომ დაგმართნოდა რა უნდა მექნაო. პატარა და-ძმა მყავს, ისინი რომ ჩემზე კითხულობენ გმირიაო, ძალიან ამაყობენ.

- რას საქმიანობ და როგორ ცხოვრობ?

- ბათუმში ვცხოვრობ. 25 წლის ვარ, არ ვარ დაოჯახებული. ვსწავლობდი ბათუმის საზღვაო აკადემიაში, ბოლო კურსიც რომ დამეხურა მექანიკოსი გავხდებოდი, მაგრამ თანხის გადაუხდელობის გამო სტუდენტის სტატუსი მაქვს შეჩერებული. ჩემი სამუშაო კი სეზონურია, ე.წ. შეზლონგებს ვაქირავებ. ზღვის სეზონის დასრულებისთანავე ჩემი სამუშაოც სრულდება. სასწავლებელში უზარმაზარი თანხა მაქვს შესატანი 2000 ლარზე მეტი, ამ ეტაპზე ჩემთვის ეს წარმოუდგენელია - ამბობს მამუკა ხილაძე.