ზელიმხან ხანგოშვილს საქართველოში გამოძიების დასრულების შემდეგ გადმოასვენებენ

21:59 08-25-2019
277

ბერლინში მოკლულ ზელიმხან ხანგოშვილს საქართველოში გამოძიების დასრულების შემდეგ გადმოასვენებენ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით ინფორმაციის დეტალებს გერმანელ სამართალდამცავებთან გერმანიაში საქართველოს საკონსულო არკვევს.

გერმანიაში პანკისის ხეობის მკვიდრის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის ბრალდებით 49 წლის რუსეთის მოქალაქეა დაკავებული. ამის შესახებ ინფორმაცია გერმანიის პროკურატურამ გაავრცელა.

გამოძიების შედეგად ამოღებულია მკვლელობის იარაღი და ველოსიპედი, რომლითაც ეჭვმიტანილი შემთხვევის ადგილიდან მიმალვას ცდილობდა. დაკავებული რუსეთის მოქალაქის მიმართ პროკურატურამ პატიმრობა მოითხოვა.

შემთხვევა ბერლინში, 24 აგვისტოს მოხდა, ხანგოშვილს ველოსიპედისტმა თავის არეში ესროლა.

ზელიმხან ხანგოშვილი პანკისის ხეობის სოფელ დუისში ცხოვრობდა. მას 2015 წელს თბილისში, მირზა გელოვანის ქუჩაზე რამდენიმე ტყვია ესროლეს, მკურნალობის შემდეგ მან საქართველო დატოვა.