ზელიმხან ხანგოშვილი საქართველოში სპესამსახურებმა მოლაპარაკებისთვის ჩამოიყვანეს,, რომ დრო გაეწელა-მამუკა არეშიძე

10:21 08-25-2019
4436

ექსპერტი მამუკა არეშიძეს ბერლინში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ორ ვერსიაზე საუბრობს. პირველი ვერსია ლაფანყურის ოპერაციას და ჩეჩნების მხრიდან შესაძლო შურისძიებას, ხოლო მეორე ვერსია მკვლელობას კადიროვის სპეცსამსახურს უკავშირებს.

არეშიძის თქმით, მართალია ვერსიები ერთმანეთს გამორიცხავს, თუმცა ორივე საგულისხმოა.

მამუკა არეშიძე ბერლინში ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილის დაკავების ფაქტსაც ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ დაკავებულის პირის შესახებ სხვა ინფორმაცია არ აქვს.

„ზელიმხანს პირადად არ ვიცნობდი. ის ქართული სპეცსამსახურისთვის მუშაობდა და მე მას არ ვიცნობდი. ხანგოშვილს დიდი წვლილი მიუძღვის ლაფანყურის ოპერაციაში, ამიტომ არ გამოვრიცხავ შურისძიების მოტივსაც ჩეჩნების მხრიდან. ის საქართველოში სპესამსახურებმა მოლაპარაკებისთვის ჩამოიყვანეს, რომ დრო გაეწელა, მან ჩეჩნებს უღალატა, 2015 წელს თბილისში მისი დაჭრის ერთ-ერთი ვერსიაც შურისძიება იყო“, - ამბობს მამუკა არეშიძე.

რუსული მედიის ცნობით, გუშინ ბერლინში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 49 წლის რუსეთის მოქალაქე დააკავეს.

გავრცელებული ცნობით, პოლიციამ მკვლელობის იარაღი და ის ველოსიპედი ამოიღო, რომლითაც მკვლელი მიმალვას ცდილობდა.

გერმანიაში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის სახელი საქართველოში რამდენიმე გახმაურებულ საქმეში ფიგურირებს, მათ შორისაა 2012 წლის ლაფანყურის სპეცოპერაცია.

 

გავრცელებული ინფორმაციით, ხანგოშვილი მონაწილეობდა რუსეთ-ჩეჩნეთის ომში და ამის გამო იძებნებოდა რუსეთის პოლიციის მიერ. რუსეთის მედია მას ხშირად მოიხსენიებდა როგორც „დოკუ უმაროვის წარმომადგენელს საქართველოში“.