იმედი მაქვს, დავხვეწთ პოლიტიკურ ენას და მოვნახავთ გზებს, რათა ქართული ზრდილობის ენაც და წესიც დავიბრუნოთ - სალომე ზურაბიშვილი

21:25 08-24-2019
29

„იმედი მაქვს, დავხვეწთ პოლიტიკურ ენას და მოვნახავთ გზებს, რათა ქართული ზრდილობის ენაც და წესიც დავიბრუნოთ“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუციის დღისადმი მიძღვნილ მიღებაზე განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, მას აქვს მოლოდინი, ბოლო პერიოდში საარჩევნო სისტემის დახვეწისკენ გადადგმული ნაბიჯებიც საბოლოოდ გამყარდება და აისახება კონსტიტუციაში.

„იწყება საარჩევნო წელი, რომელიც უნდა იყოს ჩვენი ქვეყნისთვის კიდევ ერთი, დემოკრატიის გამყარებისა და წინსვლის მაგალითი.

მაქვს მოლოდინი, რომ ბოლო პერიოდში საარჩევნო სისტემის დახვეწისკენ გადადგმული ნაბიჯებიც საბოლოოდ გამყარდება და აისახება კონსტიტუციაში.

მაქვს იმედი, რომ ჩვენ დავხვეწთ პოლიტიკურ ენას და გამოხატვის უფლებასთან ერთად, რომელიც უთუოდ უნდა იყოს ბოლომდე დაცული, მოვნახავთ გზებს, რათა ქართული ზრდილობის ენაც და წესიც დავიბრუნოთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან, საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოხატა პატივისცემა ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც წარსულში ქმნიდა საქართველოს სამართლის ძეგლებს და ამით ჩვენს სახელმწიფოს აშენებდა.

„პატივისცემას გამოვხატავ მათ მიმართ, ვინც პირველ კონსტიტუციას აყალიბებდა, როგორც ჩვენი წინაპრები 1921 წელს, ასევე, მინდა აქ გავიხსენო მაშინ ცნობილი, დღეს ნაკლებად ცნობილი კონსტიტუციონალისტი და იურისტი, მიხეილ მუსხელიშვილი, რომელიც აყალიბებდა პირველ ევროპულ კონსტიტუციის ვერსიას, მართალია ფედერალური და ეს არ იქნა შენარჩუნებული, მაგრამ ჩვენ უნდა ვამაყობდეთ ასეთი ადამიანებით.“ - განაცხადა პრეზიდენტმა.

მან ასევე მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესა და წევრებს, რომლებსაც, პრეზიდენტის თქმით, აკისრიათ უდიდესი როლი და პასუხისმგებლობა კონსტიტუციის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფაში.

„ჩვენ ყველას ერთად შეგვიძლია, ვიამაყოთ ჩვენი კონსტიტუციით. ამ კონსტიტუციის საფუძველზე გვეძლევა საშუალება და პასუხისმგებლობა იმისა, რომ ავაშენოთ სახელმწიფო სადაც უფლება, თავისუფლება და პასუხისმგებლობა იქნება თანაბრად მნიშვნელოვანი პრინციპები თითოეული მოქალაქისთვის“,-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.