ვინ არის ადამიანი, რომელიც თურქეთიდან დედა-შვილს საქართველოში დააბრუნებს

13:16 08-24-2019
17538

რამდენიმე დღის წინ „პრაიმტაიმი“ პატარა ლუპიტას შესახებ წერდა, რომელიც თურქეთში დაიბადა და მისი მარტოხელა დედა საჭირო დოკუმენტაციის გაკეთებას ვერ ახერხებდა. 

გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ ლუპიტას დედას, 30 წლის თეონა ბერაძეს ქართველი ემიგრანტი დაუკავშირდა, რომელიც საკუთარი ხარჯებით ყველა საჭირო საბუთს გაუკეთებს 3 წლის ლუპიტას და ამის შემდეგ, დედა-შვილი შეძლებენ საქართველოში დაბრუნებას. 

„ბევრი გაკიცხვა მივიღეთ ჩემს მეორედ დაოჯახებაზე, მკითხველები მაკრიტიკებენ. ბევრიც მხარდაჭერას მიცხადებს. მიკავშირდებოდნენ ქართველი ემიგრანტები, ერთ-ერთს უკვე ორშაბათს საკონსულოში მივყავართ და თავისი ხარჯებით ყველა საბუთს გაგვიკეთებს, რათა საქართველოში ჩემს 4 შვილს დავუბრუნდე. ამ ადამიანმა „პრაიმტაიმში“ გამოქვეყნებული სტატია წაიკითხა და ასე გაიგო ჩვენს შესახებ. მე მას შევუთანხმდები და ამის შემდეგ აუცილებლად საჯაროდ ვიტყვი, თუ ვინ არის ის პიროვნება, რომელიც უანგაროდ გვეხმარება. მას მთელი საქართველო უნდა იცნობდეს - ამბობს თეონა ბერაძე. 

შეგახსენებთ, წინა სტატიაში 30 წლის 5 შვილის მარტოხელა დედა თავის გასაჭირზე ჰყვებოდა. 

„თურქეთში ქმართან ერთად სამუშაოდ ჩამოვედი. ლუპიტა აქ შეგვეძინა. 4 თვის იყო, როცა მამამისმა თქვა, საქართველოში უნდა დავბრუნდე, ბებია ცუდად მყავსო. ოჯახის დანაზოგი თურქეთიდან სულ წამოიღო, ადგილზე ნაცნობებს სოლიდური თანხაც ესესხა და ჩვენ სტამბოლში დაგვტოვა. მას შემდეგ ლუპიტას მამა აღარ გამოჩენილა. უსახსრობის გამო სახლში დაბადებულ გოგონას დაბადების მოწმობა არ აქვს, ამიტომ უკვე 3 წელია საქართველოში დაბრუნებას ვერ ვახერხებ. ბავშვს საზღვრის კვეთის უფლება უსაბუთობის გამო არ აქვს. არადა საქართველოში 4 შვილი მელოდება. საკონსულომ დახმარებაზე არაერთი უარი მითხრა. ბოლოს ამიხსნეს, რომ დნმ-ის ანალიზი ბავშვისთვის უნდა გამეკეთებინა, რომელიც 2500 ლარა ღირს. აქ ისედაც ჩვენი ქართველები გვაცხოვრებენ, თავიანთ ოჯახებს აკლებენ და მხარში ჩვენ გვიდგანან. ამხელა თანხა ვის მოვთხოვო? - ამბობდა თეონა ბერაძე.

ავტორი: თამარ ბუჩუკური