ვინ არის გერმანიაში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილი და რა როლი ჰქონდა მას ლაფანყურის სპეცოპერაციაში

09:39 08-24-2019
4651

გერმანიაში გაურკვეველ ვითარებაში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის სახელი საქართველოში რამდენიმე გახმაურებულ საქმეში ფიგურირებს, მათ შორისაა 2012 წლის ლაფანყურის სპეცოპერაცია.

ხანგოშვილი პანკისის ხეობის სოფელ დუისში ცხოვრობდა. მას 2015 წელს თბილისში, მირზა გელოვანის ქუჩაზე რამდენიმე ტყვია ესროლეს, მკურნალობის შემდეგ მან საქართველო დატოვა. დაჭრის დეტალებზე 2015 წელს „კვირის პალიტრა“ წერდა.

მედიის ცნობით, ზელიმხან ხანგოშვილი ქალაქის ცენტრში, ჟვანიას მოედნის მიმდებარე, მირზა გელოვანის ქუჩაზე იმ დროს დაჭრეს, როდესაც სახლიდან გამოვიდა და მანქანაში ჯდებოდა. მაშინ გავრცელებული ინფორმაციით, მას უცნობმა პირმა მანქანიდან ესროლა, ხანგოშვილს ოთხი ტყვია მხარსა და ხელში მოხვდა. როგორც მისმა მეგობარმა განაცხადა, მან მოახერხა თავის ხელით იმგვარად დაცვა, რომ თავდამსხმელმა ტყვია თავში ვერ მოარტყა.

ახლობლების თქმით, დაჭრილი ხანგოშვილი საკუთარი ფეხით მივიდა რესპუბლიკურ საავადამყოფომდე, სადაც სასწააფო ოპერაცია ჩაუტარეს. საავადმყოფოში გაირკვა, რომ ზელიმხან ხანგოშვილი სულ სხვა გვარ-სახელით - თორნიკე ქავთარაძედ იყო დარეგისტრირებული, რაც მისმა ოჯახის წვერებმა იმით ახსნეს, რომ ჩეჩნეთის ომის მონაწილე ხანგოშვილს რუსეთიდან რეალური საფრთხე ემურქებოდა, ამიტომაც შეიცვალა გვარ-სახელი. ისინი მის დაჭრას სწორედ რუსულ ინტერესებს უკავშირებენ.

ხანგოშვილის გვარ-სახელი ლაფანყურის სპეცოპერაციაშიც ფიგურირებს, ის ერთ-ერთ მოწმეა ამ სპეცოპერაციისა, რომელშიც მის შუამავლად ყოფნას ახლობლებიც არ უაყოფენ, თუმცა ამტკიცებენ, რომ ის მხოლოდ და მხოლოდ შუამავლი იყო, რომელმაც ვერ მოახერხა დაეთანხმებინა ლაფანყურის ხეობაში მყოფი შეიარაღებული ჯგუფის წევრები დაეყარათ იარაღი და ჩაბარებოდნენ ხელისუფლებას.

საინფორმაციო საშუალებები სხვადასხვა დროს წერდნენ, რომ ზელიმხან ხანგოშვილი წინა ხელისუფლების დროს შს სამინისტროს კონტრტერორისტულ ცენტრთან თანამშრომლობდა და ამ თანამშრომლობის ფარგლებში, ჩართული იყო ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებულ პროცესებში, როგორც სპეცოპერაციამდე, ისე სპეცოპერაციის შემდეგ. მას ზელო დიშნის მეტსახელით იცნობენ.