კუკავას მიერ გავრცელებული ინფორმაცია სრული სიცრუეა - განათლების სამინისტრო კახა კუკავას პასუხობს

15:41 08-23-2019
18

„ბატონი კუკავას მიერ გავრცელებული ინფორმაცია სრული სიცრუეა“ - პარტიის „თავისუფალი საქართველო“  თავმჯდომარის, კახა კუკავას  ბრალდებას მასწავლებელთა შემცირების თაობაზე, პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ბერიკა შუკაკიძე პასუხობს

უწყების ინფორმაციით, სამინისტრო იმ მასწავლებლებს უზრდის ხელფასებს, ვინც სტატუსს აიმაღლებს. ხოლო პენსიონერი პედაგოგები, რომლებიც პროფესიიდან გასვლის გადაწყვეტენ 2 წლის ხელფასს აიღებენ.

„აბსოლუტური სიცრუეა ის, რასაც ბატონი კუკავა აცხადებს! გაუგებარია, რის საფუძველზე აკეთებს ასეთ უპასუხისმგებლო განცხადებას! ჩვენი რეფორმის შესახებ იცის მთელმა საზოგადოებამ - მასწავლებლებს, რომლებმაც აიმაღლეს სტატუსი, ვუზრდით ხელფასებს, ასევე, სკოლის კარებს ვუღებთ ახალგაზრდა კადრებს, ხოლო იმ პენსიონერ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებმაც თავისი ნებით მიიღეს პროფესიიდან გასვლის გადაწყვეტილება, მადლობის ნიშნად ვაჯილდოებთ 2 წლის ჯამური ხელფასით და ვუნარჩუნებთ პედაგოგის ჯანმრთელობის დაზღვევას. ბატონი კუკავა ცრუობს და შეცდომაში შეყავს საზოგადოება“ - განაცხადა ბერიკა შუკაკიძემ.

მანამდე, „თავისუფალმა საქართველომ“ გაავრცელა განცხადება, სადაც ისინი საქართველოს მთავრობას „სკოლის პედაგოგების შევიწროების შეწყვეტისკენ მოუწოდებენ.“

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეაჩეროს დაგეგმილი
რეფორმა და დარგის სპეციალისტებთან ერთად, შემოწმებულ იქნას
გამოცდების სტანდარტი, წმინდა პროფესიული თვალსაზრისით.

ჩვენ ასევე მოვუწოდებთ პედაგოგებს, მათი უფლებების დარღვევის
თითოეულ შემთხვევაში დაგვიკავშირდნენ და აქვე ვაცხადებთ, რომ
1 სექტემბრიდან, პარტია „თავისუფალი საქართველო“,
პედაგოგებთან ერთად, განათლების სისტემის ნგრევის წინააღმდეგ,
დავიწყებთ მასობრივ ღონისძიებების ორგანიზებას როგორც
თბილისში, ასევე რეგიონებში“ - აღნიშნულია განცხადებაში.