მინდა საზოგადოებამ იცოდეს, ძალადობის მსხვერპლი მამაკაცებიც ვარსებობთ - რას უყვება „პრაიმტაიმს“ კაცი, რომელსაც ცოლი ცემდა

20:05 08-22-2019
3871

როცა „ძალადობას“ ვახსენებთ, თვალწინ მოძალადედ მუდამ მამაკაცი წარმოგვიდგება, ხოლო მსხვერპლად - ქალი. თუმცა, „პრაიმტაიმის“ რესპონდენტის ისტორია საპირისპიროს ადასტურებს. ის ქალის მხრიდან ძალადობის მსხვერპლია.

„პრაიმტაიმისგან მან პირობა მიიღო, რომ სტატიაში შეცვლილი სახელითა და გვარით მოვიხსენიებთ ძალადობის მსხვერპლ მამაკაცს, რადგან ახლობლების სცხვენია.

ის ახლა მსგავსი პრობლემების მქონე მამაკაცებს ეძებს, სურს ძალადობის მსხვერპლი მამაკაცების მოძრაობა დააფუძნოს. იმედი აქვს, რომ „პრაიმტაიმში“ გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ გამოეხმაურებიან.

„პირველ რიგში გთხოვთ, რომ ჩემი სახელი და გვარი არ დაწეროთ. ახლა, დუმილის დარღვევა იმიტომ გადავწვიტე, რომ მინდა საზოგადოებამ იცოდეს, ძალადობის მსხვერპლი მამაკაცებიც ვარსებობთ და ეს მხოლოდ ქალების პრობლემა არაა. სტატიის გამოქვეყნების შემდეგ თუ რედაქციას მსგავსი პრობლემების მქონე მამაკაცები გამოეხმაურებიან​, დავეკონტაქტები და მინდა, არასამთავრობო ორგანიზაცია დავაფუძნო, რომელიც ძალადობის მსხვერპლ მამაკაცებს დაიცავს.

ცოლი 4 წლის წინ მოვიყვანე. ერთმანეთი გვიყვარდა, ორივე ვმუშაობდით, ერთი შეხედვით, ყველაფრისთვის მზად ვიყავით. პრობლემები მაშინ გაჩნდა, როცა ბავშვი შეგვეძინა. მანამდე ვცდილობდი, არ გაღიზიანებულიყო და არაფერში ვეწინააღმდეგებოდი.

როცა ყოველგვარ ზღვარს გადავიდა და ჩემს სახლში ჩემი მშობლების სტუმრობა აკრძალა, რა თქმა უნდა, არ დავეთანხმე და იმ დღიდან დაიწყო გაუთავებელი შეურაცხყოფები. მაბულინგებდა, მეუბნებოდა, რომ მე არაფერი შემიძლია, რომ დედ-მამას ვძულდი, არც პროფესიონალად ვვარგოდი მაშინ, როცა 25 წლის ვარ და საერთაშორისო ორგანიზაციაში ხელმძღვანელის პოზიციაზე ვმუშაობ.  ეს იმდენად დიდხანს გაგრძელდა, დავიჯერე რომ უვარგისი ვარ, ხელმოცარული. მეგობრებთანაც ვეღარ ვკონტაქტობდი, მეგონა ყველა დამცინოდა. ბოლოს ხელითაც შემეხო. ფიზიკურად საკმაოდ ძლიერი ვარ, ამ კრიტიკულ მომენტშიც კი ვეცადე, კონტროლი არ დამეკარგა და მეც არ მეცემა. ყველაფერს პოსტსამშობიარო ​სტრესს ვაბრალებდი და ვითმენდი. ბოლოს, ყველა წაკამათებაზე რომ  მირტყამდა, რა თქმა უნდა, გავშორდი, მაგრამ ვერ ვთქვი ხმამაღლა  ჩვენი განშორების მიზეზი. როცა სოციალური მუშაკი ბავშვის გამო ჩაერთო და სასამართლოებიც შედგა ალიმენტისა და ქონების გაყოფაზე, იქაც არ მეყო გამბედაობა მეთქვა მიზეზი.

მივხვდი, რომ ჩემზე მხოლოდ ცოლი კი არა, საზოგადოებაც ძალადობდა, რადგან შემეშინდა ახლობლების, მეგობრების მხრიდან იგივე არ მომესმინა, რასაც ცოლისგან ვისმენდი, რომ ხელმოცარული ვარ. ფსიქორეაბილიტაცია გავიარე. ამ ამბიდან უკვე 6 თვე გავიდა და თითქოს მოვემზადე, რომ ხმამაღლა ვისაუბრო ამ თემაზე. მეტიც, მინდა ჩემს მდგომარეობაში მყოფებს გავაგებინო, რომ სირცხვილი არაა ვიყოთ ძალადობის მსხვერპლები, რომ გვაქვს უფლება, ვიცხოვროთ ღირსეულად და დავიცვათ ჩვენი ფსიქიკა განადგურებისგან“ - ამბობს დათო ქავთარაძე.

ვინაიდან სოციალური მომსახურების სააგენტო ოჯახური ძალადობის მიმართულებით მუშაობს, „პრაიმტაიმი“ უწყების ძალადობისგან დაცვის სამმართველოს დაუკავშირდა, სადაც განმარტავენ, რომ უმრავლეს შემთვევაში მამაკაცები ემოციური ძალადობის მსხვერპლები არიან. 

„თითქოს მიჩვეულები ვართ, რომ ქალია მსხვერპლი. ოჯახური დავების შემთხვევებში კი ძალიან ხშირია, როცა მამაკაცი ემოციური ძალადობის მსხვერპლია და ბავშვებისთვის მამის მტრის ხატს ქმნიან.

რაც შეეხება ფიზიკური ძალადობის მსხვერპლ მამაკაცებს, ჩვენს უწყებას მსგავს შემთხვევებზე არ უმუშავია. თუმცა, როგორც აღვნიშნე, მამაკაცებზე ქალები ფსიქოლოგიურ ძალადობას ახორციელებენ“ - განმარტავს ნინო ტვილდიანი.

„პრაიმტაიმი“ შინაგან საქმეთა სამინისტროსაც დაუკავშირდა, რათა გაერკვია, მოძალადე ქალისგან სამართალდამცავებს თუ დაუცვიათ მამაკაცი. აღმოჩნდა, რომ პოლიციას შემაკავებელი ორდერი ქალებზეც გამოწერილა.

„შსს-ს ოჯახში ძალადობის დროს შემაკავებელი ორდერი გამოწერილი აქვს როგორც ქალის, ისე მამაკაცის მიმართ - განმარტავენ უწყებაში. 

რაც შეეხება სტატისტიკას, უწყებაში აცხადებენ, რომ ამ ინფორმაციის მოწოდებას დრო სჭირდება. შესაბამისად, ამ სტატისტიკას „პრაიმტაიმი მოგვიანებით გაგაცნობთ. 

ავტორი: თამარ ბუჩუკური