შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის მშენებლობისთვის სატენდერო წინადადებები გაიხსნა

17:40 08-22-2019
14

რიკოთის საუღელტეხილო გზის, შორაპანი-არგვეთას (F4) მონაკვეთის მშენებლობისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში, დაინეტერესბული კომპანიების მიერ წარმოდგენილი წინანდადებები გაიხსნა. სატენდერო წინადადება 12-მა კომპანიამ წარმოადგინა. გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება 2019 წლის ბოლომდე გაფორმდება.

შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, პროექტის შესაბამისად გათვალისწინებულია 14.7 კმ. ცემენტ-ბეტონის 4 ზოლიანი გზის,  14 ხიდისა და 12 გვირაბის მშენებლობა. მშენებლობას აზიის განვითარების ბანკი დააფინანსებს.

აღსანიშნავია, რომ რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის პირველ, ჩუმთელეთი-ხევის მონაკვეთზე ხელშეკრულება 21 აგვისტოს გაფორმდა, ხოლო მე-2 და მე-3, ხევი-უბისასა და უბისა-შორაპანის მონაკვეთებზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.

რიკოთის უღელტეხილზე, საერთო ჯამში დაგეგმილია 51.6 კმ-მდე სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს. რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მოდერნიზება უმნიშვნელოვანესია საგზაო ქსელის განვითარებისა და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის კუთხით. რიკოთის მოდერნიზება  ხელს შეუწყობს ჩქაროსნული გზის გამტარუნარიანობისა და სატრანზიტო ტვირთბრუნვის ზრდას, ასევე ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების დონის ამაღლებას და მგზავრობის დროის შემცირებას. საბოლოო ჯამში, რიკოთის საუღელტეხილო გზა აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის დასრულებისას მანძილს 30 კილომეტრით შეამცირებს, ხოლო წითელი ხიდიდან-სარფამდე მგზავრობის დრო განახევრდება. თუ დღეს, წითელი ხიდიდან-სარფამდე მანძილის გავლას სჭირდება 8 საათი, სამომავლოდ დასჭირდება 4-4.5 საათი.