დაკავებულია მამაკაცი რომელიც 5 წლის შვილის მოკვლით იმუქრებოდა და მეუღლეს სცემდა

13:51 08-22-2019
156

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახში ჩადენილი ძალადობისა და მუქარის ბრალდებით, 1985 წელს დაბადებული, წარსულში არაერთგზის ნასამართლევი ბ.ქ. დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მეუღლეს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას სისტემატურად აყენებდა, მოკვლით ემუქრებოდა მათსავე 5 წლის შვილს და მეუღლის ახლო ნათესავებს. მას შემდეგ, რაც აღნიშნული ფაქტის შესახებ პოლიციისთვის ცნობილი გახდა, ბ.ქ. რამდენიმე დღის განმავლობაში, 1981 წელს დაბადებულ, წარსულში არაერთგზის ნასამართლევ დ.მ-ს კუთვნილ საცხოვრებელ სახლში, გორში იმალებოდა, რომელიც პოლიციამ, ასევე, წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცველებისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავა. სამართალდამცველები, ასევე, იკვლევენ მათ მიერ ჩადენილ შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებებსაც. კერძოდ, სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურებისა და ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებს.

მიმდინარეობს კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები და დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. გამოძიება მიმდინარეობს როგორც ოჯახში ძალადობისა და მუქარის, ისე, წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცველების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 126-ე პრიმა და 11 პრიმა 151-ე მუხლებით, ასევე, საქართველოს ასკ-ს 166-ე და 173-ე მუხლებით.