Ecxlusive "პრაიმტაიმმა" ყანდაურაში მომხდარი საზარელი მკვლელობის ახალი საექსპერტო დასკვნა მოიპოვა, რომელიც საქმეს ყირაზე აყენებს

22:44 08-21-2019
8646

საქმე N 043030519001-ქსპერტიზის კიდევ ერთი დასკვნა, ბოლო დროის ყველაზე რეზონანსულ მკვლელობაზე, რომელიც ბრალდების ამჟამინდელ ვერსიას ეჭვქვეშ აყენებს

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყანდაურაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე, „პრაიმტაიმმა ექსპერტიზის კიდევ ერთი დასკვნა მოიპოვა.

ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნა შეეხება ტყვიას, რომელიც ყანდაურაში დაჭრილი ელიზა გამყრელიძის სხეულიდან იყო ამოღებული. გამოძიება ამტკიცებს, რომ საავადმყოფოში თვენახევრიანი მკურნალობის შემდეგ გარდაცვლილი ქალბატონი GECO mod. 23 ტიპის იარღიდან, მისმა ვაჟმა ნოდარ გამყრელიძემ დაჭრა. იარაღი კი, მას, საკუთარმა მამამ, 85 წლის ომარ გამყრელიძემ, სწორედ ელიზა გამყრელიძის მოსაკლავად გადასცა. საქმის მასალების მიხედვით ირკვევა, რომ გამოძიებამ იარაღი ეზოში იპოვა, ხოლო ცოლ-ქმარი გამყრელიძეები, სახლში იმყოფებოდნენ.

ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნა, 2019 წლის 20 ივნისსაა გაცემული. კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელ ზაქრო ბერიაშვილს, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოდან, მის მიერ, ბალისტიკური ექსპერტიზის წინაშე, გადასაწყვეტად დასმულ შემდეგ საკითხზე --რას წარმოადგენს ექსპერტიზაზე წარმოდგენილი მეტალის უცხო სხეული, არის თუ არა ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნის ტყვიის გულა. დადებით შემთხვევაში, რა კალიბრის და კატეგორიის იარაღისთვისაა ისინი განკუთვნილი--ატყობინებენ, რომ საქმეზე წარმოდგენილი არამაგნიტური ლითონის ობიექტი დეფორმირებულია რაიმე მკვრივ სხეულთან კონტაქტის შედეგად. დეფორმაციის გამო, იგი შემდგომი იდენტიფიკაციისათვის უვარგისია.

ექსპერტიზის ამ დასკვნაზე დაყრდნობით, ომარ გამყრელიძის ადვოკატი, გილერ ენდელაძე, ბრალდების ამჟამინდელ ვერსიას ეჭვქვეშ აყენებს და ამბობს, რომ დასკვნამ საქმე საბოლოოდ დაანგრია.

ელიზა გამყრელიძეს ცეცხლნასროლი ჭრილობა თავში, ნამდვილად ჰქონდა. ეს ექიმებმა მაშინვე დაადასტურეს. მაგრამ დასკვნა გვეუბნება, რომ რომელი იარაღიდან დაჭრეს ქალბატონი, ამის დადგენა შეუძლებელიაო.ეს იმას ნიშნავს, რომ ბრალდების ვერსია ელიზა გამყრელიძის გეკოს ტიპის იარაღიდან დაჭრის თაობაზეც, სრულიად უსუსურია-აცხადებს ენდელაძე პრაიმტაიმთან.

საქმის ზედამხედველი პროკურორი, ვლადიმერ ბექიშვილი დაცვის ვერსიას არ იზიარებს და ამბობს, რომ ბრალდებას საკმაოდ მყარი არგუმენტები აქვს.

ჩვენ გვაქვს მყარი არგუმენტები და ამას საქმის არსებითი განხილვის დროს, სასამართლო პროცესზე გაიგებთ-განაცხადა ბექიშვილმა.

საქმის არსებითი განხილვა, თელავის რაიონულ სასამართლოში, ხვალ განახლდება. გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეს, მოსამართლე მამუკა წიკლაური განიხილავს.

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი