ქართული სატელევიზიო სივრცე არის სანაგვე“ - დემურ გიორხელიძე

22:33 08-21-2019
5458

ექსპერტი დემურ გიორხელიძე ქართულ ტელესივრცეს აფასებს. ტელევიზიებს ის მოსახლეობის კულტურის დეგრადაციაში ადანაშაულებს და საზიზღრობის პროპაგანდისტებს უწოდებს. პროდუქცია, რომელსაც ესა თუ ის სატელევიზიო არხი გვთავაზობს, მისი აზრით, მდარე, ნაგავი და უნიჭობის ნათელი მაგალითია. გამოსავალს კი ფინანსურად ძლიერი ადამიანების მიერ, თავისუფალი, კონკრეტული მიმართულებების მქონე ტელევიზიების შექმნაში ხედავს:

„ქართული სატელევიზიო სივრცე კატასტროფა, სრული უპასუხისმგებლობაა საკუთარი ხალხისა და სახელმწიფოს წინაშე. ეს არის სანაგვე, სადაც გამქრალია კულტურა, შემეცნებითი პროგრამები, პროგრესზე ორიენტირებული გადაცემები და ის ჟინიანი ხალხის ურთიერთდაპირისპირებითაა გაჯერებული, რომელთაც, სამწუხაროდ, პოლიტიკოსებს უწოდებენ, არადა, პოლიტიკასთან არანაირი შეხება არ აქვთ. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ რომელიმე ტელევიზიას გამოკვეთილი მსოფლმხედველობა არ შეიძლება ჰქონდეს. მაგალითად, „ფოქსნიუსი“ აშშ–ში კონსერვატული მიმართულების ტელევიზიაა. თქვენ ხედავთ, როგორ შეტევას აკეთებს აშშ–ს პრეზიდენტი ტელევიზიებზე, იმიტომ, რომ ისინი საზიზღრობის პროპაგანდისტები გახდნენ, კულტურის დეგრადაციისა და ადამიანის გათახსირების ხელშემწყობები. ამიტომ ეს დემოკრატიის ხელყოფა კი არა, სანაგვის გაწმენდაა.

მე ახლა აშშ–ს ერთ–ერთ საუკეთესო ადგილას ვიმყოფები. ჩემი ქალიშვილი ამ ქვეყნის მოქალაქეა, მისი ნიჭი, უნარები აქ დაფასდა და ამით საოცრად მოხარული ვარ. ამერიკის უდიდესი გულშემატკივარი ვარ და მინდა გითხრათ, რომ ქართველთა დიდმა ნაწილმა ნამდვილი აშშ–ს შესახებ თითქმის არაფერი იცის. საოცრად კარგი ხალხია, რომლებიც თავდაუზოგავად შრომობენ და აქ ამას დიდი ყურადღება ექცევა, საკუთარ ოჯახებზე, შვილებზე არიან ორიენტირებულები, მათთვის ესაა ძალიან ფასეული. ჩვენ კი მათზე არასწორი წარმოდგენა შეგვიქმნეს, თითქოს აქ სხვა რამ, სხვა ორიენტაციებია პოპულარული, პრიორიტეტული და ამის კულტივიზაციას სწორედ ტელევიზიები ახდენენ.

ჩემთვის არც ერთი ტელევიზია არ არის საშიში, მათ შორის, რუსთავი 2, თუ ისინი საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში მოქმედებენ, მაგრამ ყველაფერი კანონით არ განისაზღვრება. კანონი ქცევის ვალდებულებას არ განსაზღვრავს, არც მომავლის წინაშე ვალდებულებას, სოციალურ პასუხისმგებლობას და ეს ასეც უნდა იყოს, რადგან საზოგადოებები კანენობით არ იმართება, გაცილებით დიდი მნიშვნელობა აქვს არაფორმალურ მექანიზმებსა და ინსტიტუტებს, ეს არის ჩვენი წარმოდგენები, კულტურული ტრადიციები, ადათ–წესები, რომლებიც, ცხადია, უნდა ვითარდებოდეს დროის შესაბამისად, მაგრამ ეს ყველაფერი გამქრალია. ჩვენ ვხედავთ ბოლშევიკურ სიტუაციას საქართველოში, არსებობს ხელისუფლება და არსებობს მეორე – მტერი. სხვა ყველა, ვინც განსხვავებული აზრისაა, არის მტერი. ტელევიზიები ამის კულტივირებას აკეთებენ.

კატასტროფული, უვარგისი პოლიტიკური შოუები და გადაცემებია. პოლიტიკური ჟურნალისტიკა ამ პოლიტიკის კონტექსტებში წვდომას და პროფესიულ გააზრებას გულისხმობს, უმეტესობას კი წყალწყალა წარმოდგენა აქვს, დასვამენ ორ სტუმარს და ალანძღვინებენ, აფურთხებინებენ ერთმანეთზე. ეს ერთადერთია, რასაც მათი გონება წვდება. არავითარი ანალიტიკა, გააზრება, მიმდინარე მსოფლიო პოლიტიკური პროცესების კონტექსტები, რომლებიც გავლენას ახდენს საქართველოზე. ასე რომ, „რუსთავი 2“ იმიტომ კი არ იყო ვთქვათ საგინებელი, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ უჭერდა მხარს, დაე უჭერდეს, მაგრამ კონსტიტუციას არ გასცდეს. ვიღაცას არ მოსწონს „რუსთავი 2“? დაიხურება. ხვალ ვიღაცას სხვა ტელევიზია არ მოეწონება და ჩვენ ისევ საბჭოთა მარაზმში მივდივართ, სადაც ტოტალიტარიზმია.

არსებობს თამაშის წესები, რომლის გარეშეც მედია არ იქნება. მედიას ნუ ჰგონია, რომ ისაა მთავარი და მისი კრიტიკა დემოკრატიის ხელყოფაა. არაფერიც არ არის. მედია ისევე ექვემდებარება კონტროლს საზოგადოების მხრიდან, კრიტიკას და თავისი ადგილის მიჩენას, როგორც ნებისმიერი სხვა! იმიტომ, რომ მედია მეოთხე ხელისუფლებაა და მან წინა სამი უნდა აკონტროლოს, ერთმანეთთან შერწყმა–დაახლოების უფლება არ უნდა მისცეს.

ბევრი მიზეზია, რის გამოც იმ ნაგავს ვიღებთ, რაც გვაქვს. როგორი დამნაშავე უნდა იყო შენი კულტურის და ხალხის წინაშე, რომ ამდენნაირ თურქულ, სანაგვეზე გადასაყრელ სერიალს უჩვენებდე და მიზანმიმართულად ალაყებდე შენი ხალხის ნიჭსა და უნარს. აბსოლუტურად ცრუ წარმოდგენას უქმნიდე ახალგაზრდებს.

სამწუხაროდ, საქართველოში არ მოიძებნა შეძლებული და დამოუკიდებელი ამბიციის მქონე პირები, რომლებიც თავისუფალი მედიის მფლობელები იქნებიან. დასავლეთში ასეა. ნეიტრალური ვერც ერთი ტელევიზია ვერ იქნება, რადგან ნეიტრალური მკვდარია.

პირველი არხის ფუნქცია მოშლილია, „იმედი“ კიდევ უფრო უარესი ჭაობია. საზოგადოებრივ მაუწყებელს არ ჰყოფნის პასუხისმგებლობა, რომ არ შემოგვთავაზოს მდარე პროდუქცია და უნიჭო ადამიანების მიერ შექმნილია რაღაც, რომელიც არც წყალია და არც ღვინო. თანაც საზიზღარი, ნეოლიბერალური მიმართულებით, რომელიც სანაგვეზეა გადაგდებული დღეს. ამ ნეოლიბერალურ წყალს, რომელმაც ამერიკასაც საშინელი საფრთხე შეუქმნა და უქმნის ევროპასაც, მალე დასასრული ექნება. საქართველოში კი ეს გრძელდება. ამიტომ, ფინანსურად შეძლებულმა ხალხმა უნდა შეძლოს ღირსეული ტელევიზიის შექმნა.

 

ავტორი: თამთა დადეშელი