ბორჯომში გამართულ ჯომარდობის ტურნირზე მონაწილეობა შშმ პირებმა მიიღეს

22:12 08-21-2019
47

ზაფხულში, პროექტის “აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა” ფარგლებში მოვლენათა ეპიცენტრი ბორჯომის სოფელი ჩითახევია.

ამჯერად, ახალგაზრდული მედიაკავშირის ორგანიზებით და ევროპაბეთის მხარდაჭერით, ომის ვეტერანებმა, სამხედრო მისიებში დაჭრილმა ჯარისკაცებმა, პარასპორტსმენებმა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სხვა პირებმა ჯომარდობის ტურნირში მიიღეს მონაწილეობა.

ევროპაბეთის მიერ ორგანიზებულ ტურნირში ჯამში 8 გუნდი მონაწილეობდა: ვეტერანები, თბილისი, ბაღდათი, რუსთავი, გორი, ხაშური, ზუგდიდი და მარნეული.

გუნდებმა ჯერ საკვალიფიკაციო დაშვება განახორციელეს, ნაჩვენები შედეგების მიხედვით კი ნახევარფინალური ოთხეულები დააკომპლექტეს. გუნდებმა, რომლებმაც კვალიფიკაცია საუკეთესო შედეგით დაასრულეს, სასტარტო პოზიციებიც უკეთესი დაიკავეს და უპირატესობა მოიპოვეს. ფინალური ოთხეული ნახევარფინალურმა ეტაპმა გამოავლინა: ხაშურმა, გორმა, ზუგდიდმა და თბილისმა ბრძოლა საუკეთესოს წოდებისთვის განაგრძეს.

ხატია გავაშელი (ახალგაზრდული მედიაკავშირის თავმჯდომარე)
„წელს, ჯომარდობის ჩემპიონატში გოდერძი ზაქარაიას სახელობის თასი გავათამაშეთ. ის იყო აფხაზეთის ომის ვეტერანი, აფხაზეთიდან დევნილი და ჩვენი პროექტის აქტიური მხარდამჭერი. ჩემპიონატში 8 გუნდმა მიიღო მონაწილეობა და იყო ძალიან დიდი ემოციები. შეზღუდლი შესაძლებლობების მქონე ბევრმა პირმა პირველად მოსინჯა ძალები სპორტის ამ სახეობაში. ხაშური აქამდეც მონაწილეობდა ჯომარდობის ტურნირებში, ჩემპიონი კი პირველად გახდა. მთლიანობაში, დღე და ღონისძიება ძალიან კარგად წარიმართა”. 

ღონისძიებას ორგანიზებას ახალგაზრდული მედია კავშირი უწევს და მას ქალაქ თბილისის მერიის, კომპანიების ევროპაბეთი და სოკარი მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტი ხელს უწყობს გაეროს  2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის 30-ე მუხლის იმპლემენტაციას. პროექტის მიზანია, კონვენციის იმპლემენტაციის აღსრულების ხელშეწყობა და შშმ პირთა თანაბარუფლებრივი მდგომარეობის დამკვიდრება საზოგადოებაში.