„თეთრი ბაირაღების“ ძია ისიდორე თეა დარჩიას ბაბუა აღმოჩნდა

16:57 08-21-2019
3530

ნოდარ დუმბაძის უკვდავ ნაწარმოებებს რომ რეალური პროტოტიპები ჰყავს, სიახლე არაა. მისი ყველა პერსონაჟის უკან ნამდვილი ამბავია, ამბები, რომლებიც მოხდა, ნოდარმა მოისმინა, გაფილტრა და დაგვიტოვა...

დუმბაძის „თეთრი ბაირაღების“ თითქმის ყველა პერსონაჟი იმ პერიოდის თბილისში ცხოვრობდა. მათ იცნობდნენ, სახელი ჰქონდათ, ზოგი მათგანი კოლორიტიც იყო. ძია ისიდორე ერთ-ერთია, რომლის უკან თავისი ისტორიით რეალური ადამიანია. ამ პერსონაჟის ისტორია კარგად იცით. რაც შეეხება პროტოტიპს, ის ცნობილი მოცეკვავის, თეა დარჩიას ბაბუა - კოლია (ნიკოლოზ) დეკანოზიშვილი ყოფილა. ამის შესახებ მოცეკვავემ თავად უამბო „ფარული კონვერტის“ მაყურებელს. 

თეა დარჩია: - ძია ისიდორეს პროტოტიპი ჩემი ბაბუა, კოლია დეკანოზიშვილია, დედაჩემის მამა. როდესაც ბაბუა მეორე მსოფლიოს ომის დროს ბერლინამდე ჩავიდა, უკან დაბრუნებული კომუნისტებმა გააციმბირეს. ბერლინამდე ჩასულებმა  გზადაგზა ისეთი რამეები ნახეს, რაც რკინის ფარდის მიღმა არასდროს ენახათ. იქიდან საღად მოაზროვნე ადამიანები სხვა მენტალიტეტით დაუბრუნდნენ სამშობლოს. ასე იყო ბაბუაც, თეატრის მხატვარ-დეკორატორი. 

მოტაცებულ ქალიშვილზე რა დამოკიდებულებაც იყო მაშინდელ საქართველოში, იცით. უკან სახლში რომ ვერ დააბრუნებდი, რას იტყვის ხალხი, მონატაცები და მსგავსი სისულეები. მოკლედ, 16 წლის დედა პურზე გაუშვეს და არ დაბრუნდა. ვინმე აბულაძემ მოიტაცა და ცოლად მოიყვანა. მისი რეალური სახე მერე გამოიკვეთა. მოკლედ, არცთუ ისე კარგი ადამიანი აღმოჩნდა. დედა დაიტანჯა. მათ გაუჩნდათ ქალიშვილი, ნანა აბულაძე, ჩემი უფროსი და, რომლის გაზრდილებიც ვართ მე და ჩემი უმცროსი და ქეთი. მოკლედ, ეს ადამიანი თამაშობდა და წააგო ყველაფერი, რაც კი დედას და მის ოჯახს ებადა. ამ აბულაძის მეგობარმა უთხრა დედას, მოკიდე შვილს ხელი და დაბრუნდი სახლშიო. დედა ასეც მოიქცა. ერთხელაც მისი ყოფილი ქმარი მოადგა ჩემს ოჯახს. სახლში იყვნენ დედა, ნანა, ბებია-ბაბუა და ბიძაჩემი. ჯიბეში „ლიმონკა“ მიდევს და თუ შვილს არ გამატანთ, ავაფეთქებო. ომგამოვლილ ბაბუას ეს ვერ შეაშინებდა. გამოიტანა იარაღი და შეშინების მიზნით (რომელსაც არასდროს ტენიდა. არადა, დატენილი აღმოჩნდა) დაუმიზნა, გაისროლა და... ადგილზე მოკლა! ბაბუა ციხეში ჩასვეს. ერთი წელი იჯდა.

თურმე, ნოდარ დუმბაძე ყოველ სასამართლოს ესწრებოდა. მან დედას თხოვა, თუ შეიძლება ამ ისტორიას წიგნში გამოვიყენებო და დედამ უარი არ უთხრა... 

 

ავტორი: თამარ გონგაძე