დღეს პაატა სალიამ ბრიფინგამდე დამიბარა... - ნოდარ მელაძე

16:20 08-20-2019
1467

დღეს პაატა სალიამ დამიძახა და მითხრა, ბრიფინგამდე რამდენიმე წუთით ადრე, რომ მე ვარ გათავისუფლებული სამსახურიდან და ეს არის ქიბარ ხალვაშის გადაწყვეტილება. ისინი ეძებდნენ საბაბს და ძალიან ინტენსიურად, რომ ჩემი სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიეღოთ“, - ამის შესახებ ნოდარ მელაძემ პაატა სალიას პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ჩემს ცხოვრებაში მქონია პერიოდი, როდესაც მიმუშავია სახელისუფლებო ტელევიზიაში და აღარ ვაპირებ უკან დავუბრუნდე წარსულს. ტელევიზია და მედია სადაც ვიმუშავებ, ყოველთვის იქნება ხელისუფლების მიმართ კრიტიკული“, - განაცხადა მელაძემ.

მისივე თქმით, ორი კვირის წინ მასთან საუბარი შედგა, რის შესახებაც ნიუსრუმის ჟურნალიტები ინფორმირებულები არიან.

„მას შემდეგ რაც ქიბარ ხალვაშმა გადაიფორმა არხი, ორი კვირის წინ, ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილმა პირმა მითხრა, რომ არ უნდათ „რუსთავი2„-ის იმედად გადაკეთება და არხზე უნდა ყოფილიყო გარკვეული კრიტიკა. იყო გარკვეული შემოთავაზებები, რაზეც მე ვთქვი უარი. მე ორი თვეა გაყინული მაქვს ხელფასი. დღეს კალენდარზე 20 აგვისტოა. რაც შეეხება ჩემზე გაცემულ ბონუსს, ნიკა გვარმია იყო კომერციული არხის დირექტორი და მას ჰქონდა უფლება ეს გაეკეთებინა.

ის რაც პაატა სალიამ ჩემი გათავისუფლების მიზეზად დაასახელა, არის ბოდვა...“- განაცხადა ნოდარ მელაძემ.

რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე სამსახურიდან გათავისუფლდა.

შეგახსენებთ, ​საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით 10 აგვისტოს  მიმართა. 

გვარამიას ბრალი 9 აგვისტოს წაუყენეს. გამოძიების მტკიცებით, ნიკა გვარამიას მიერ საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-მა ვერ მიიღო 6 763 510 ლარი, რითაც საწარმოს დიდი ოდენობით ზიანი მიადგა.

12 აგვისტოს ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც წერდა, რომ ის „რუსთავი 2“-ს ყიდის.

ცნობისთვის, 18 ივლისს ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორად პაატა სალია დანიშნა, რომელმაც ამ პოზიციაზე ნიკა გვარამია შეცვალა. მანამდე სტრასბურგის სასამართლომ გააუქმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შემაჩერებელი მექანიზმი.

კერძოდ, 2017 წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. იმავე წლის 3 მარტს კი, „რუსთავი 2“-ის მიმართვის საფუძველზე, სტრასბურგის სასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა. სწორედ ამ აღსრულების შეჩერება გააუქმა სტრასბურგის სასამართლომ.