აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ციხეებიდან ჩვენი პატიმრები გამოვიყვანე ისე, რომ არც ჟენევა ჩამირთავს და არც არავინ - ზაქარეიშვილი

10:59 08-20-2019
180

გუგუტიანთკარში მიმდინარე მოვლენებისა და რუსეთის ბოლოდროინდელი ქმედებების შეფასება პოლიტოლოგს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის ყოფილ სახელმწიფო მინისტრს – პაატა ზაქარეიშვილს ვთხოვეთ, ის პარალელებს მისი მინისტრობის პერიოდში განხორციელებულ საქმეებთანაც ავლებს და პრობლემების მოგვარებისკენ გადადგმულ ნაბიჯებსაც იხსენებს:

- ის, რაც გუგუტიანთკარზე ხდება, ცხადია, ოკუპაციის აშკარა გაგრძელებაა და რუსეთს, როცა სჭირდება, რომ საქართველოში ვითარება დაიძაბოს, ყურადღება სხვა მიმართულებით იქნას გადატანილი და არა 8 აგვისტოზე საუბრისკენ, ამ დროს იწყებს ამ ტიპის ღონისძიებებს და სამწუხაროდ, მიზანს აღწევს, რადგან ქართული საზოგადოება იხლიჩება, ერთმანეთის წინააღმდეგ დაპირისპირება ხდება და ფაქტობრივად, რუსული დღისწესრიგით ცხოვრებას განვაგრძობთ.

- რა უნდა მოვიმოქმედოთ, რომ ეს ყველაფერი თავიდან ავიცილოთ?

- ამის თავიდან ასაცილებლად მთავრობა 2008 წელს არ უნდა აჰყოლოდა რუსულ პროვოკაციას, ეს იმ დროიდან მოდის და ბევრს ამის გაგება არ სურს, 2008 წლის აგვისტომდე ბორდერიზაცია არ ხდებოდა, ქართული მოსახლეობა მეტ–ნაკლები სიმშვიდით ცხოვრობდა იქ. მინუსები იყო, მაგრამ ვერაფრით მოვა იმასთან, რაც ახლა ხდება. ამიტომ, იქიდან მოყოლებული, ქართული სახელმწიფო უკვე ვეღარ მართავს პროცესებს, 2003 წლამდე უფრო ეფექტურად იმართებოდა, მერე, აირია ვითარება. დღეს, მთავარი ამოცანაა, რომ მაქსიმალურად ჩართული იყოს საერთაშორისო თანამეგობრობა და ეს ასეცაა. ბორდერიზაციის ნებისმიერ ფაქტზე ისინი მკაფიოდ აგრძნობინებენ რუსეთს, რომ მათთვის მსგავსი ღონისძიებები მიუღებელია და რუსეთმა უკან უნდა დაიხიოს. ეს არის ის, რაც შეიძლება გაკეთდეს ბორდერიზაციის წინააღმდეგ. ბორდერიზაცია არის მოუგვარებელი კონფლიქტის შედეგი. ამაზე უარესი შედეგებია ოთხოზორიას, ტატუნაშვილის მკვლელობა, ეს უკვე საშინელი ფორმით გამოვლენაა. ჩვენ ბორდერიზაციას კი არ უნდა ვებრძოლოთ, არამედ, კონფლიქტი მოვაგვაროთ.

- რა გზებით უნდა მოხდეს ეს?

- სტრატეგია უნდა გვქონდეს, რუსეთის ლანძღვა–გინება არ არის საკმარისი, საჭიროა პირდაპირი კონტაქტები გვქონდეს აფხაზებთან და ოსებთან, დეფაქტო ხელისუფლებებთან, მათთან მოლაპარაკებების წარმოება, რაც დღეს საერთოდ არ არსებობს. მთელი ყურადღება რუსეთის აგრესიაზე ლაპარაკზეა გადატანილი. რუსეთი არ აპირებს თავისი ნებით არც დეოკუპაციის განხორცილებას და არც ბოდიშის მოხდას, არც იმ გეგმის შესრულებას, როცა ხელი მოაწერა ვალდებულებას, შეიარაღებული ძალები გაეყვანა. არ აკეთებს ამას. საქართველომ უნდა იმოქმედოს, კი არ უნდა იჯდეს და ელოდებოდეს, რუსეთი როდის გახდება კეთილშობილი. რუსეთი არ გახდება კეთილშობილი არასდროს, ეს უნდა ვიცოდეთ, 200 წლიანი ისტორია საკმარისი უნდა იყოს ჩვენთვის და თუ ამითაც ვერ ვსწავლობთ ჭკუას, შევხედოთ, რა ხდება უკრაინაში, სირიაში, ვენესუელაშიც კი, ოკეანის გადაღმა, რუსეთი ყველგან თავის ხელს აფათურებს. ამ რეალობიდან გამომდინარე, ჩვენი ნაბიჯები გადავდგათ და გამოსავალს მე ვხედავ პირდაპირ პოლიტიკურ გასვლაზე აფხაზურ და ოსურ მხარეებთან.

- ასეთი მოლაპარაკებები არც თქვენი მინისტრობის პერიოდში ხდებოდა, რა იყო ამის მიზეზი? რა გიშლიდათ ხელს? შევადაროთ რა ხდებოდა მაშინ და ახლა? რა კონკრეტული ნაბიჯები იდგმებოდა კონფლიქტის მოგვარების კუთხით?

- ჩემი მინისტრობის დროს, 2014 წელს, მე დავწერე გეგმა, თუ როგორ უნდა განგვეხორციელებინა ეს ყველაფერი და გამოქვეყნებულიცაა, „ფეისბუკის“ გვერდზეც დევს და ყველას შეგიძლიათ, დეტალებში ნახოთ. ჩემდა სამწუხაროდ, არა ოპოზიციამ, არამედ „ქართულმა ოცნებამ“ დაბლოკა ასეთი ღონისძიებები, ანუ პირდაპირი გასვლები ქართულ–ოსურ–აფხაზურ დონეზე. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ციხეებიდან ჩვენი პატიმრები გამოვიყვანე ისე, რომ არც საერთაშორისო თანამეგობრობა ჩამირთავს ამ პროცესში, არც ჟენევა და არც არავინ. ეს პირდაპირი კონტაქტებით მოვახერხე და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ ადამიანებმა უკანონო პატიმრობას დააღწიეს თავი. მთავარი იყო ის, რომ ამით მე დავანახვე, რომ აფხაზებთან და ოსებთან რუსეთის გარეშე შეიძლება ლაპარაკი. მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო. როგორც კი მე წამოვედი, პირდაპირი კონტაქტები, სამწუხაროდ, ისევ გაჩერდა და ხელისუფლება ისევ „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივს დაუბრუნდა. ანუ ის, რომ მთავარი პრობლემა რუსეთია და რა დროს ოსური ან აფხაზური მხარეებია, რუსეთს უნდა ველაპარაკოთ. ჩემი მთავარი პრინციპი კი ასეთი იყო – რუსეთია მთავარი, მაგრამ თუ გვინდა, რუსეთი შევასუსტოთ, აფხაზებთან და ოსებთან უნდა ვიმუშაოთ. ეს არის პრინციპული განსხვავება ჩემი და ჩემი შემდგომი პოლიტიკისაგან. ბევრი ფაქტი შემიძლია მოგიყვეთ, რა გავაკეთეთ, თუმცა, მე უკმაყოფილო ვარ, რადგან ძირითადად, მე ვერ მოვახერხე, ჩემი გუნდი დამერწმუნებინა, რეალურად რა იყო საჭირო.

- დღეს თუ შეგიძლიათ დაასახელოთ რომელიმე პოლიტიკური ფიგურა „ქართულ ოცნებაში“, ვისაც დეფაქტო ხელისუფლებებთან რეალური შედეგის მომცემი დიალოგი, პრობლემების შესუსტება ძალუძს?

- არ მგონია, პოლიტიკოსებში ასეთი არ მეგულება. იმიტომ კი არა, რომ ცუდები არიან, ახალგაზრდა თაობა მოვიდა და მათ არ აქვთ არანაირი ცოდნა და გამოცდილება აფხაზურ და ოსურ მხარეებთან ურთიერთობების, პირდაპირი კონტაქტები არ აქვთ. ქართული მთავრობა დღეს კარგ რამეს აკეთებს, მაგალითად, ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ, ჯანდაცვის პროექტები, ეს ყველაფერი ძალიან კარგია. მაგრამ ცალმხრივია, ქართული მხარე იქ დარჩენილ მოსახლეობას სიკეთეებს სთავაზობს ისე, რომ ამას დეფაქტო ხელისუფლებებს არ უთანხმებს და თავისთავად ეს კარგი, ნორმალური ნაბიჯებია, მაგრამ ეს არ შეიძლება იყოს სტრატეგია, მისი ნაწილი, მთავარი ამოცანა კი ორმხრივი კონტაქტები უნდა იყოს.

ავტორი: თამთა დადეშელი