გაიცანით, 17 წლის ახალციხელი გოგო, რომელიც ანტისაოკუპაციო აქსესუარებს ქმნის

10:19 08-19-2019
745

დაახლოებით ხუთსანტიმეტრიან, საქართველოს რუკის ფორმის ხის ფირფიტაზე  ოკუპირებულ რეგიონებს - აფხაზეთსა და სამაჩაბლოს მავთულხლართის მსგავსი ხაზით ნიშნავს და წითლად ღებავს. ფიქრობს, რომ ამით საქართველოს ყველა მოქალაქის ემოციას გადმოსცემს.

17 წლის რუსკა გოზალიშვილმა ანტისაოკუპაციო შინაარსის აქსესუარების დამზადება მაშინ დაიწყო, როცა თინეიჯერმა გოგომ რუსეთის პოლიტიკის შედეგი გაიაზრა. მას შემდეგ ოკუპაციას გუაშით და აკრილის საღებავებით აპროტესტებს.


„ვიფიქრე, რომ აფხაზეთი და ოსეთი წითლად მოვნიშნო იმიტომ, რომ გვტკივა და წითელი ფერიც ხომ ამას გამოხატავს. მე სულ ვატარებ ხოლმე ამ ბროშებს, ხან ჩანთაზე ვიკეთებ, ხან გულზე. თბილისში თუ არ ვარ აქციაზე, ასე გამოვხატავ ჩემს პოზიციას და ვგრძნობ, რომ მეც ვარ მონაწილე. უნდა გამოხატო შენი თავი, შენი პოზიცია ხატვით, ნელ-ნელა“, - გვიყვება რუსკა.

ბროშების გარდა, საყურეებს, ბეჭდებს, სამაჯურებსა და ყელსაბამებს,  რუსკა გოზალიშვილი ხისგან და თიხისგან ამზადებს. მის აქსესუარებს ეროვნული ხაზი გასდევს. ცდილობს სამშვენისებში ქართული დეტალები შეიტანოს. ბოლო დროს ბლოკნოტების, ტელეფონის ქეისების, ჩანთებისა და მაისურების მოხატვა დაიწყო.


ფურცელზე ხატვა აღარ მიყვარს, მომწონს წვრილი დეტალების გაკეთება. დღემდე ტილოზეც არ მაქვს დახატული, პირდაპირ ასე დავიწყე და ჯერ კიდევ ძიებაში ვარ. ყველაზე ადვილი ხეზე მუშაობაა, საღებავს არ იწოვს, ფუნჯს მოუსმევ და ჩერდება.ყველაზე რთულია ტელეფონის ქეისზე საკუთარი ფოტოს დახატვა რომ  უნდათ, პირველად ვცადე და გამოვიდა.

რუსკა ახალციხის ქალაქ ვალეში ცხოვრობს და ბავშვობიდან ხატავს. თიხასა და ხეზე მუშაობა კი სამი წლის წინ დაიწყო. სამკაული თავდაპირველად, მეგობარს დაუმზადა, შემდეგ კი, როცა მისმა ნამუშევრებმა საზოგადოების მოწონება დაიმსახურა, მათი გაყიდვა დაიწყო. 

„რომ მეუბნებიან, კრეატიული რამე გვინდა და უნდა შექმნა, ეს ყველაზე კარგია, სასიამოვნოა განსხვავებულს რომ გთხოვენ. მიხარია, რომ ჩემი ნივთები ვიღაცას დააქვს. თვალი რომ მომიკრავს, ძალიან გამხარებია“.

ამბობს, რომ ყველაზე მარტივი მოსახატი ხის ნივთებია. საამქროში გადასაყრელად გამზადებულ ხის ნაჭრებს სასურველ ფორმას აძლევს და მასზე მუშაობას იწყებს.

„რაც პატარა მასალა რჩებათ, არაფერში რომ არ გამოდგება, ღუმელში რომ წვავდნენ მე მივედი და ვუთხარი, პატარა დეტალიც რომ მომცეთ, მე იმისგან რაღაცას შევქმნი“.
მასწავლებელთან არასოდეს უვლია. თვითნასწავლი მხატვარი ამბობს, რომ ხატვა და სამკაულების შექმნა მისი პროფესია არ იქნება

„ბავშვობიდან კარგად ვხატავდი. მამაჩემი იცინოდა, მხატვრობით რა სამსახური უნდა ნახოო და ამიტომ სერიოზულად არ შემიხედავს. როცა აღმოვაჩინე, რომ შეიძლება ჰობი იყოს და დროის გარკვეული ნაწილი დაუთმო, გადავწყვიტე რომ აქსესუარები გამეკეთებინა. ტექნიკური ნიჭი მაქვს, მიყვარს მათემატიკა და ვფიქრობ პროფესიას ამ მხრივ ავირჩევ. აქსესუარების დამზადება ჩემი ჰობი იქნება“.

მეთორმეტეკლასელი რუსკა ამბობს, რომ ჯერ კიდევ საკუთარი თავის ძიებაშია. აპირებს აქსესუარების დამზადება სხვადასხვა მასალით, მათ შორის მინით და მეტალით სცადოს. ბოლო დროს პაპიე-მაშეს ხელოვნებით დაინტერესდა.

„შეიძლება ხვალ თიხა აღარ ავიღო ხელში და სხვა რაღაც გავაკეთო. ვერ ვიტყვი, რომ მხოლოდ ამაზე ვმუშაობ. ყველაფერი უნდა გამოვცადო“.

ავტორი: რუსკა გვარამაძე