არსებობს კითხვები, სისხლის სამართლის საქმეა თუ სამოქალაქო დავა - ლომჯარია გვარამიაზე

22:42 08-14-2019
23

„ძალიან მნიშვნელოვანია სათანადო მტკიცებულებები და დასაბუთებული მსჯელობა არსებობდეს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს კონკრეტული დავა სისხლის სამართლის განსჯადობის საკითხს წარმოადგენს“, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

ნინო ლომჯარია დღეს, გვარამიასა და მის ადვოკატს შეხვდა და საქმის მასალებსა და მიმდინარეობას გაეცნო.

„თვალს ვადევნებდით სასამართლო პროცესს, პროკურატურის განცხადებას. დღეს შევხვდი ნიკა გვარამიას და მის ადვოკატს, მოვისმინე მათი არგუმენტაცია. რა თქმა უნდა, მაღალია საჯარო ინტერესი ამ საქმის მიმართ და იმის გათვალისწინებით, რომ ნიკა გვარამია წარმოადგენდა ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული მედიასაშუალების დირექტორს და არის კრიტიკულად განწყობილი ხელისუფლების მიმართ, მის მიმართ დაწყებული დევნა ხდება სახალხო დამცველის ინტერესის საგანი. ჩემი შეფასებით, არის რთული სამართლებრივი საკითხი. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია არსებობდეს სათანადო მტკიცებულებები, დასაბუთებული მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს კონკრეტული დავა წარმოადგენს სისხლის სამართლის განსჯადობის საკითხს“, – განაცხადა ლომჯარიამ.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, პროკურატურამ მეტი მტკიცებულება უნდა წარადგინოს.

„ვაპირებთ, როცა დაიწყება სასამართლო, ყოველ შემთხვევაში ვეცდებით, ჩავერთოთ და წარვადგინოთ სასამართლო მეგობრის მოსაზრება სწორედ განსჯადობასთან დაკავშირებით, რადგან არსებობს კითხვები, არის თუ არა ეს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია, თუ სამოქალაქო განსჯადობის თემაა. ვფიქრობ, პროკურატურამ უნდა დაამტკიცოს განზრახვა, რაც აუცილებელია ამ ტიპის დანაშაულისთვის. ამ ეტაპზე, ჩემი წარმოდგენითა და მოსაზრებით, საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობს განზრახვასთან დაკავშირებით. თუმცა, მზად ვართ, შევხვდეთ პროკურატურასაც და ის კითხვები, რაც დღეს გამიჩნდა გვარამიასთან და მის ადვოკატთან შეხვედრის შემდეგ, მოვისმინო ამ კითხვებზე მათი პასუხიც“, – განაცხადა ლომჯარიამ.

ლომჯარიას თქმით, პროკურატურამ უნდა გაასაჯაროოს ამ საქმის გარშემო ინფორმაცია.

„ამასთან, მინდა, განვაცხადო, რომ პროკურატურამ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო,  უნდა გაასაჯაროოს ამ საქმის გარშემო ინფორმაცია. პროკურატურას ასევე მოვუწოდებ, კომენტარებში მაქსიმალურად შეიკავონ თავი ისეთი ტიპის განცხადებებისგან, რაც რეალურად ბრალდებულის დისკრედიტაციას ემსახურება. ამ შემთხვევაში, მის ბინებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ვგულისხმობ, რომელიც არ არის ბრალში ასახული“, – აღნიშნა ლომჯარიამ.