ჩემთვის პოლიტიკოსობა კომფორტი არ არის - ლევან ალაფიშვილი მამუკა ხაზარაძის გუნდში გაწევრიანებაზე

17:34 08-14-2019
540

იურისტი ლევან ალაფიშვილი მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობის ლიდერად მისი კანდიდატურის შესახებ გავრცელებულ არაოფიციალურ ინფორმაციას უარყოფს და პრაიმტაიმთან საუბარში აღნიშნავს, რომ ის ისევე განაგრძობს თავის საქმიანობას აკადემიურ სექტორში, როგორც ეს აქამდე იყო.

- არაოფიციალურად გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობა, საბოლოოდ, შესაძლოა პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბდეს. თქვენ რას ფიქრობთ, როგორი განვითარება მიეცემა ამ წამოწყებას?

- ხაზარაძის პოლიტიკურ გეგმებზე, მე, რა თქმა უნდა, ვერ ვისაუბრებ, მით უმეტეს, იმ პირობებში, როდესაც ამის შესახებ არც ჩემთვისაა რამე ცნობილი და არც საჯაროდ. პარტია არ არსებობს, საზოგადოებრივ მოძრაობაზეა საუბარი და ის საზოგადოებრივ სივრცეში აპირებს აქტიურობას.

- როგორ გესახებათ ამ ორგანიზაციის მომავალი და როგორ ფიქრობთ, რა იქნება მათი პრიორიტეტი?

- ზოგადად, საზოგადოებრივი ორგანიზაცია არის ორგანიზაცია, რომლის მიზანიც არ არის პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩაბმა და არჩევნების გზით ხელისუფლებაში მოსვლა, პარტიისგან განსხვავებით. ასეთი ორგანიზაციები გარკვეული საკითხებისა და ფასეულობების ირგვლივ გაერთიანებულ ადამიანთა ერთობლიობაა, რომელიც საზოგადოებრივი ინტერესების მიღწევას ისახავს მიზნად, როგორიცაა, მაგალითად, დემოკრატიის გაუმჯობესება, არჩევნებზე მონიტორინგი, ადვოკატირება, უფლებების დაცვა და ა.შ. დემოკრატია მუდმივად განახლებადი პროცესია და შესაბამისად, სადაც ადამიანი არსებობს, ყოველთვისაა სიახლეები, ამ სიახლეებს კი სათანადო მოვლა სჭირდება. საზოგადოებრივ ორგანიზაციებში კონკრეტული მიზნების მიღწევაზე საუბარი და საკითხის ამგვარად დასმა, რთულია.

- გუშინ ასეთი სტატუსი გააზიარეთ, – „არსად მივდივარ, აქ ვარ, სექტორში“. რომელში?

- დიახ, ეს ძველი სტატუსია და გუშინაც ხელახლა გავაზიარე. ჩემი საქმით სულ მიწევდა იმის დადასტურება, რომ რეალურად, ჩემთვის მთავარია ამ ქვეყანაში იყო რიგითი და შექმნა პრეცედენტი, რომ თუნდაც ერთ მოქალაქეს დაანახო, რომ მას შეუძლია, მის სიტყვას ძალა აქვს, როგორი რთულიც არ უნდა იყოს. სირთულე შეუძლებელს არ ნიშნავს. დემოკრატია ხომ თავისით არ მუშაობს, ის უნდა აამუშაო. მით უმეტეს, ჩვენნაირ სახელმწიფოსა და საზოგადოებაში. მეც ამის დამტკიცებას, მაგალითის მიცემას ვცდილობ ჩემი სტუდენტებისთვისაც და თანამოქალაქეებისთვისაც, რომლებიც ძალიან მიყვარს. ამის დასტურია ის ორი სასამართლოც, რომელიც ამ ხელისუფლების პირობებში მოვიგე.

- მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივ მოძრაობაში თქვენს თავს და როლს თუ ხედავთ და სად?

- მე საზოგადოებრივ და აკადემიურ სექტორში ვარ. ასე რომ, სექტორის მიზნებიდან გამომდინარე, არაფერი მეცვლება, დღესაც, გუშინაც ამ სექტორში ვიყავი და ბევრთან ვთანამშრომლობდი, ასევე განვაგრძობ მომავალშიც ბევრ ადამიანთან, ორგანიზაციასთან თუ სახელმწიფო, საჯარო დაწესებულებასთან თანამშრომლობას. ეს სექტორი ამას მოითხოვს. მე ჩვეულებრივად განვაგრძობ საქმიანობას. აქვს თუ არა პოტენციალი, რომ საზოგადოებრივ სექტორში ხაზარაძის გუნდი იყოს წარმატებული, ჩემი პასუხი ასეთი იქნება, ყველა ახალი სუბიექტის ნებისმიერ სექტორში გამოჩენა, ძალიან მნიშვნელოვანია. მით უმეტეს, თუ მათ გამოცდილება, რესურსი აქვთ, არამხოლოდ ფინანსური, ფინანსურ რესურსზე მნიშვნელოვანი, ჩემთვის სოციალური კაპიტალია, ანუ ადამიანის შესაძლებლობა იყოს აქტიური და სხვაც გაააქტიუროს. ამით უფრო ეფექტური გახადოს დემოკრატია. ამ გუნდისთვის ეს ახალი ასპარეზი იქნება, ვერ ვიტყვი, რომ რთული, მაგრამ ახალი, მათზე იქნება დამოკიდებული როგორ განავითარებენ და რა მიზნებს დაისახავენ, როგორ იქნება საქმიანობა მარტო თუ სხვებთან ერთად. სამოქალაქო სექტორში ჩემ გარდა ძალიან ბევრია და დარწმუნებული ვარ, რომ დასავლური ღირებულებების ერთგული არასამთავრობო ორგანიზაციებთან თუ საჯარო პირებთანაც მათი თანამშრომლობა სავსებით შესაძლებელია. ასე რომ, ამ კონტექსტში უფრო სწორი იქნება, რომ ვიმსჯელოთ. ისინი სიახლეს შემოიტანენ საქართველოს რეალობაში საზოგადოებრივ, არასამთავრობო სექტორში. პოლიტიკური პროცესები როგორ განვითარდება, ამაზე ვერაფერს გეტყვით.

- სიმართლეს შეესაბამება თუ არა ინფორმაცია, რომ თქვენ ამ მოძრაობის ლიდერად მოიაზრებით?

- არა, რას ამბობთ?! ვინ თქვა ეს? მე პოლიტიკოსი არ ვარ და თავის მართლება ყველაზე მეტად არ მიყვარს, თუმცა, მზად ვარ ამაზეც გიპასუხოთ. ამ სახელმწიფოში თითოეული ადამიანი, თქვენ ხართ ლიდერი, მით უმეტეს, ჟურნალისტობა მნიშვნელოვანი პროფესიაა. პასუხისმგებლიანი ადამიანი იქნება სახელმწიფოს ცენტრი, ლიდერი, ვიღაც ჩინოვნიკი მოწიწებით მოეპყრობა მას და ყოველთვის ეცოდინება, რომ რამდენად მაღალი თანამდებობის პირიც უნდა იყოს ის, თქვენი მსახურია, თქვენ დაიქირავეთ. ჩემთვის პოლიტიკოსობა კომფორტი არ არის. შესაძლოა, პრიორიტეტები აქვს, მაგრამ მაგალითად მე, მირჩევნია, ჩემი საყვარელი საქმე ვაკეთო და თანახმა ვარ გადავიხადო გადასახადები, ხალხის ძალაუფლება მივცე, რამხელა რამის დელეგირება მოვახდინო, ხვდებით? რომ მას საშუალება მივცე, მე კანონები დამიწესოს და დამსაჯოს კიდეც. მაგრამ თანახმა ვარ, ეს ყველაფერი მას მივცე, ოღონდ მე მემსახუროს.

ამგვარ სახელწიფოს ვეტრფი, ამ იდეას ვემსახურები და სიბერეში იმედია საღ გონებაზე ინტერვიუსაც მოგცემთ. ასე რომ, ლიდერი ყველა ის ადამიანია, რომელმაც იცის, რა არის სახელმწიფო და უყვარს იგი. ყველა სკამი და ჩინი წყალს წაუღია, თუკი ერთი მოქალაქეც კი არ იქნება კარგად. ეს არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. სხვას ვერაფერს გეტყვით, ლიდერობის საკითხი რეალობას არ შეესაბამება და უცნაურიც იქნება ვისაუბრო იმაზე, რაც არც კი მსმენია.

 

ავტორი: თამთა დადეშელი