სოხუმში საცხოვრებელი სახლიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა

15:33 08-14-2019
52

სოხუმში, გუმსკაიას (ყოფილი ბარათაშვილის) ქუჩაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების გამო, მეწყრის ჩამოწოლის საშიშროება შეიქმნა. შედეგად, 12-ბინიანი ორსართულიანი სახლის მცხოვრებლების სიცოცხლეს საფრთხე შეექმნა, ასევე ჩამოინგრა ორი ავტოფარეხი. გარდა ამისა, კერძო სახლის კედლებს ბზარები გაუჩნდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა საშიშ ზონაში მცხოვრები მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელეს. მათი ნაწილი ერთ-ერთ სასტუმროში განათავსეს.

ტელესტუდია „ასარკიას“ ცნობით, პრობლემები ავტოსამრეცხაოს საძირკვლის ორმოს გათხრამ გამოიწვია, მათივე თქმით, აღნიშნულ ადგილზე მშენებლობა უნებართვოდ დაიწყო.

ადგილზე მობილიზებულია ქალაქის შესაბამისი სამსახურები. მიმდინარეობს სახლის კედლის გასამაგრებელი სამუშაოები.

 

ავტორი: თეა შონია