რთული დასაჯერებელია, რომ ეს ფილმი გავიდა ქართულ ტელეარხზე და არა რომელიმე რუსულ არხზე - სალომე სამადაშვილი

12:26 08-14-2019
63

„ეს არის ქართულ ენაზე მომზადებული რუსული პროპაგანდა“- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

სალომე სამადაშვილმა აგვისტოს ომის შესახებ მომზადებულ ფილმზე ისაუბრა, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.

„ეს არის ქართულ ენაზე მომზადებული რუსული პროპაგანდა. ძალიან რთული დასაჯერებელია, რომ ეს ფილმი გავიდა ქართულ ტელეარხზე და არა რომელიმე რუსულ არხზე.

ჩვენ მივმართავთ იმედს, საზოგადოებას სრული უფლება აქვს, იცოდეს ვინ არის ფილმის ავტორი. მოგიწოდებთ, რომ საჯაროდ გასცეთ ეს ინფორმაცია. გასაგებია, რომ ხელისუფლების დაკვეთით მომზადდა ეს ფილმი. ქვეყნის ეს პიარ სტრატეგია  ნიშნავს, რომ საქართველომ უარი უნდა თქვას სახელმწიფო ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე.

მივმართავ შესაბამის ორგანიზაციებს, რომლებიც ქვეყანაში აკვირდებიან რუსულ პროპაგანდას. შეფასება გაუკეთონ ამ ფილმს. მივმართავთ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას, რომ გააკეთოს შეფასება ამ ფაქტის.

ასევე მივმართავ იმედის ჟურნალისტებს- 20 ივნისის დილას ბევრი თქვენგანი მირეკავდა შეშფოთებული, რომ გავრილოვი აღმოჩნდა საქართველოს სპიკერის სკამზე. მე ვიცი, რომ გიყვართ თქვენი ქვეყანა. ნუ მიიღებთ მონაწილეობას რუსულ პროპაგანდაში. ამ ფილმის გადაღებით დადასტურდა, რომ დღეს იმედი ასრულებს რუსეთის დაკვეთებს. ნუ მიიღებთ ამაში მონაწილობაას“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ფილმი, „ჩვენ, მშვიდობით მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს!“ 12 აგვისტოს ტელეკომპანია იმედმა გამოაქვეყნა და ის აგვისტოს ომს ეხება.