რა შეტყობინება დატოვეს ჰაკერებმა - კიბერშეტევა TV პირველზე

20:53 08-13-2019
875

„IT სპეციალისტებისა და საგამოძიებო ჯგუფების დასკვნით, ეს კრიპტოვირუსია. ფაილებს მოჰყვება წარწერა, თუ გარკვეული ოდენობის კრიპტოვალუტას გადაიხი, სანაცვლოდ ფაილები აღდგება. დაახლოებით ამდაგვარი შინაარსის დაშიფვრა აქვს“, - ამის შესახებ „ტვ პირველის“ ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, ნანა აბურჯანიძემ განაცხადა.

მისი თქმით, კიბერშეტევის შემდეგ კავშირზე არავინ გასულა.

„საგამოძიებო ორგანოებმა გვირჩიეს, რომ მათთან არანაირი კომუნიკაცია არ დაგვემყარებინა. ამას არც აზრი და არც შედეგი არ მოჰყვება ხოლმე. ახლა ჩვენ ჯერ უნდა დავადგინოთ რა დაზიანდა და შემდეგ გვექნება აღდგენის მცდელობა. ეს არის ჩვენი ერთადერთი გამოსავალი“, - აცხადებს აბურჯანიძე.

ტელეკომპანია „პირველმა“ დღეს დილით, Facebook-ზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ წინააღმდეგ კიბერშეტევა განხორციელდა, რამაც გამოიწვია არხის სრული პარალიზება.

ეთერში ვერ გავიდა „საქმიანი დილა“, საინფორმაციო და პოლიტიკური გადაცემები. 

მოგვიანებით, არხმა მაუწყებლობა Facebook-ის პირდაპირი ეთერით განაახლა. 

კიბერშეტევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ. საგამოძიებო უწყებებმა კომპიუტერული ისტორია გამოითხოვეს, რათა დადგინეს ზუსტად საიდან წამოვიდა ეს შეტევა.