ირაკლი მეზურნიშვილი - ყველამ მკაცრად უნდა აგოს პასუხი, ვინც ამ კრიმინალურ სქემაში იყო ჩართული

19:45 08-13-2019
54

„კანონის წინაშე ნებისმიერი ადამიანი თანასწორია და ყველამ უნდა აგოს პასუხი მკაცრად, ვინც ამ კრიმინალურ სქემაში იყო ჩართული“,- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი მეზურნიშვილმა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მასშტაბური დანაშაულებრივი სქემის გახსნის კომენტირებისას.

მისი თქმით, მსგავს შემთხვევებზე ხელისუფლების პასუხი ყოველთვის ძალიან ხისტი იქნება.

„მსგავს შემთხვევებზე ხელისუფლების პასუხი ყოველთვის იქნება ძალიან ხისტი, რადგან კორუფცია და ფინანსური მაქინაციები არის ერთერთი მთავარი დაბრკოლება და მტერი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის. ეს უნდა იყოს ასევე ნათელი გზავნილი მომავალში, რომ რეფორმა არის წარმატებული და ჩვენ გვაქვს ყველა ბერკეტი და მექანიზმი, რომ გამოვავლინოთ ასეთი ტიპის დანაშაული” - განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.

უმრავლესობის წევრის თქმით, ხელისუფლების მიერ გატარებული დღგ-ს დაბრუნების რეფორმა უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესისთვის.

„ამ რეფორმამ ბიზნესი უფრო მოქნილი გახადა, ბიზნესს უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს გააფართოვოს თავისი არეალი. ამ ყველაფრის ფონზე, ჩვენ ვხედავთ, რომ გარკვეული კრიმინალები ცდილობენ გვერდი აუარონ რეფორმას და სახელმწიფოს ზარალი მიაყენონ. ხელისუფლებამ გამოავლინა კრიმინალური სქემა და 100 მილიონიანი ზარალის პრევენცია მოხდა. ამის მიუხედავად ბიუჯეტს მაინც მიადგა 80 მილიონიანი ზარალი, რაც ძალიან დიდი დანაშაულია” - განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.