ვლადიმერ პუტინს ჩვენზე მეტი ჭკუა აქვს - ნინო ბურჯანაძე ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე

18:19 08-13-2019
1348

„მე ვხედავ უმაქნის ხელისუფლებას და და ხელისუფლების მოქმედებები რუსეთთან მიმართებაში არაადეკვატურია“,- ასე აფასებს „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე მთავრობის დამოკიდებულებას ჩრდილოელი მეზობლის მიმართ.

ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ დროა რუსეთთან პირდაპირი დიალოგის რეჟიმი დაიწყოს.

„ნებისმიერი ნორმალური ხელისუფლება უკვე იქნებოდა აქტიური კონსულტაციების ფაზაში რუსეთთან, გააგზავნიდა დელეგაციებს რუსეთში მოსალაპარაკებლად, იმიტომ რომ დაწყებულიყო მუშაობა სიტუაციის განსამუხტად, აღდგეს ფრენები და არ გამწვავდეს ვითარება. მე ჩემი მხრიდან ვეცდები, რომ ყველაფერი გავაკეთო იმისთვის რომ ვითარება არ გამწვავდეს, ძალიან ხშირად მაქვს შეხვედრები ჩვენს თანამოქალაქეებთან, ადამიანებს რომლებსაც სიტყვა ეთქმით რუსეთში. ხელისუფლებამ თხოვნით უნდა მიმართოს რუსეთის ხელისუფლებას აღდგეს ფრენები და დაიწყოს მოლაპარაკებები ვითარების ნორმალიზების მიზნით“,- ამბობს ნინო ბურჯანაძე.

ბურჯანაძეს რუსეთის გარეშე ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაც ვერ წარმოუდგენია.

„რუსეთთან ურთიერთობის გარეშე ეკონომიკური განვითარება და წინსვლა წარმოუდგენელია. რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობა მნიშვნელოვანია ჩინეთისთვის, იაპონიისთვის, ამერიკისთვის და ევროპის ეკონომიკისთვის და საქართველოსთვის არა?-ამბიობს „პრაიმტაიმთან“ ნინო ბურჯანაძე.

ოპოზიციონერი მიიჩნევს, რომ ოკუპანტ ქვეყანასთან ვითარების დაძაბვა ხელისუფლების გარდა „რუსთავი2“-მაც გამოიწვია. ბურჯანაძე თვლის, რომ ყველაფერი წინასწარ დაგეგმილი იყო.

„ხელისიუფლებამ ვერ შეძლო პრობლემაზე ადეკვატური პასუხის გაცემა გავრილოვის ინციდენტის დროს, ამას მოჰყვა პრეზიდენტის არაადეკვატური განცხადება და გიორგი გაბუნიას უმსგავსო განცხადება. აქ არაფერ შუაში არ არის პუტინზე გაბრაზება, ეს იყო წინასწარ დაგეგმილი სცენარი. აბსოლუტური პროვოკაცია რომელიც მიმართული იყო იმისკენ, რომ რუსულ ქართული ურთიერთობა შესულიყო ჩიხში“,- ამბობს ბურჯანაძე.

ნინო ბურჯანაძე თვლის, რომ 20 ივნისის შემდეგ რუსეთის პასუხი შესაძლოა უფრო მკაცრიც ყოფილიყო, თუმცა ვლადიმერ პუტინს „ჩვენზე მეტი ჭკუა აქვს“.

„რუსეთის პრეზიდენტმა არ მიიღო და არ განავრცო სანქციები, თორემ ლარის კურსი იქნებოდა ალბათ ხუთამდე ასული. ამას მოჰყვებოდა კატასტროფული შედეგები. ფაქტია რომ არ დაგვიწესა სანქციები, იმიტომ რომ პოლიტიკოსია და ჩვენზე მეტი ჭკუა აქვს“, - განმარტავს ნინო ბურჯანაძე.

ნინო ბურჯანაძის გაღიზიანებას არამხოლოდ ხელისუფლების ქმედებები, არამედ, „მოსკოვის პროსპექტზე“ სახელის გადარქმევის ინიციატივაც იწვევს.

„ვაი პატრიოტები, რომლებიც გამოხტნენ და იძახიან თბილისში „მოსკოვის პროსპექტს“ სახელი უნდა გადავარქვათო, ამ ადამიანებმა არ იციან, რომ ქართველების დამსახურებით, რუსეთის დედაქალაქში არის ქუჩა რომელსაც ჰქვია Большая грузинская; Малое грузинская, არსებობს რუსთაველის პროსპექტი“, - ამბობს ნინო ბურჯანაძე. 

ავტორი: თორნიკე ხურციძე