თავშესაფრებში ბავშვებს სექსუალურად ავიწროვებდნენ - დანიის პრემიერი

17:12 08-13-2019
148

დანიის პრემიერმინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა ბოდიში მოუხადა ასობით ადამიანს, რომელთა მიმართაც მეოცე საუკუნეში ბავშვთა თავშესაფრებში ძალადობა ხორციელდებოდა. ამის შესახებ BBC წერს.

როგორც აღმოჩნდა, 1945-76 წლებში ბავშვები სექსუალური შევიწროების, ძალადობისა და ნარკოტიკების ტესტირების მსხვერპლი ხდებოდნენ. მეტე ფრედერიკსენი ძალადობის ათობით მსხვერპლს საკუთარ რეზიდენციაში შეხვდა. 

„ხელისუფლებამ მაშინ არაფერი მოიმოქმედა. როგორც საზოგადოება, ჩვენ ამაზე თვალს ვერ და არ დავხუჭავთ“, - განაცხადა დანიის პრემიერმა.

წლების მანძილზე აქტივისტები სახელმწიფოსგან მომხდარზე საკუთარი ბრალის აღიარებას ითხოვდნენ.

„ბოდიშის მოხდა ჩვენთვის ყველაფერს ნიშნავს. ჩვენ მხოლოდ ეს გვჭირდებოდა“, - განაცხადა ერთ-ერთმა მსხვერპლმა, 68 წლის არნე როელ იორგენსენმა. მისივე თქმით, ათობით ბავშვის სიცოცხლე ძალადობამ, ალკოჰოლმა და ნარკოტიკებმა დაანგრია.

სახელმწიფო თავშესაფრების გარშემო სკანდალი 2005 წელს აგორდა, როდესაც დანიურ ტელევიზიაზე ამ თემაზე გადაღებული დოკუმენტური ფილმი გავიდა.

როგორც ფილმიდან გახდა ცნობილი, სექსუალური შევიწროებისა და ძალადობის გარდა, ფსიქიატრები ბავშვებზე ნარკოტიკებს, კერძოდ კი LSD-ს ტესტავდნენ, რის გამოც მოგვიანებით არაერთი ბავშვი ნარკოდამოკიდებული გახდა.