ვისთან (არ) ითანამშრომლებს ქართული ოცნება კოალიციური მთავრობის შემთხვევაში?

12:24 08-13-2019

ოპოზიციის განცხადებები, რომ მმართველი გუნდი სატელიტ პარტიებს შექმნის, ზღაპრებია- აცხადებს პრემიერ მინისტრი კოალიციური მთავრობის შექმნის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ.

ჟურნალისტების კითხვაზე, რომელ პოლიტიკურ პარტიებთან ითანამშრომლებს „ქართული ოცნება“, ბახტაძემ უპასუხა, რომ ეს არ იქნება „დამნაშავე ძალა“ და ითანამშრომლებს მხოლოდ იმ პარტიასთან, რომელიც იზიარებს ქვეყნის საგარეო კურსს.

„სატელიტი პარტიების შექმნაზე განცხადებები არის იმ ზღაპრების ნაწილი, რის პროპაგანდასაც ჩვენი ოპონენტების უპასუხისმგებლო ნაწილი აკეთებს. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე ნულოვანი ბარიერით, იმისი ალბათობა, რომ შეიძლება კოალიციური მთავრობა იყოს, მნიშვნელოვნად იზრდება, მაგრამ ერთადერთი, ვინც მიიღებს გადაწყვეტილებას, ეს არის ქართველი ერი. აქედან გამომდინარე, მოვლენებს წინასწარ არ გავუსწროთ

ქართული ოცნება არასდროს ითანამშრომლებს დამნაშავე ძალასთან და მეორე - ჩვენი გუნდისთვის ქვეყნის ცივილიზაციური არჩევანი, რომ საქართველო აუცილებლად უნდა გახდეს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი, არის აბსოლუტური პრიორიტეტი. აქედან გამომდინარე, მომავალში ჩვენი თანამშრომლობა შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ ძალებთან, რომლებიც ამ სულისკვეთებას იზიარებენ,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.