სისხლიანი დაპირისპირება ახალგაზრდებს შორის - დაჭრილია 51-ე სკოლის მოსწავლე

11:45 08-13-2019
3136

თბილისში, ახალგაზრდებს შორის დაწყებული სიტყვიერი დაპირისპირება სისხლიან ანგარიშსწორებაში გადაიზარდა, რის შედეგადაც დაჭრილია 17 წლის მოზარდი. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, დაჭრილი 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეა

მას ცეცხლნასროლი ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული და ამჟამად ღუდუშაურის სახელობის საავადმყოფოში იმყოფება. ექიმების ინფორმაციით, მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ის კომატოზურ მდგომარეობაშია და რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

რაც შეეხება მომხდარს. გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება ჩიქობავას ქუჩაზე, ე.წ. ლონდონის ბაღში მოხდა. ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მათივე ძაღლების ჩხუბის გამო დაიწყო, რაც ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა და დაჭრით დასრულდა.

შსს-მ ბრალდებული უკვე დააკავა. ის 1982 წელს დაბადებული პირია:

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დ.რ-მ მიმდინარე წლის 9 აგვისტოს, ურთიერთშელაპარაკებისას, სანადირო თოფიდან გასროლით 2002 წელს დაბადებული ე.ჩ. დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა დ.რ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს„- აცხადებენ შსს-ში.

უწყების ინფორმაციით, ნივთმტკიცებად ამოიღეს დანაშაულის ჩადენის იარაღი -  ორლულიანი სანადირო თოფიც.

გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულს 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.