რუსეთში საქართველოს ჯარი არ დგას. რუსეთის ჯარი დგას საქართველოს ტერიტორიაზე - კურტ ვოლკერი

10:41 08-13-2019
34

რუსეთში საქართველოს ჯარი არ დგას. მხოლოდ რუსეთის ჯარი დგას ტერიტორიაზე, რომელსაც მთელი მსოფლიო აღიარებს საქართველოს ტერიტორიად, გარდა თავად რუსეთისა –აცხადებს აშშ-ს  ყოფილი ელჩი ნატო-ში კურტ ვოლკერი „ამერიკის ხმასთან„ საუბარში​

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზე საუბრისას, ვოლკერი ამბობს, რომ რუსეთს სურს შეინარჩუნოს ნარატივი, რომ ომი საქართველომ დაიწყო

„ფაქტები ცხადია, რუსეთი საქართველოზე უდიდეს ზეწოლას ახორციელებდა, მათ შორის, სამხედრო ზეწოლასაც, დაახლოებით, ორი წელი. ამაში შედის საქართველოს დრონის ჩამოგდება, რადარების დაბომბვა, დღეს ოკუპირებულ და მაშინ გაერო-ს მიერ დაცულ კონფლიქტურ ზონებში სამხედრო პერსონალის გაზრდა, ჯარების შემადგენლობის შეცვლა, საინჟინრო ბატალიონების გადაყვანა. ყველაფერი ეს მიუთითებდა იმისკენ, რომ რუსეთი ომისთვის ემზადებოდა და საქართველოზე ზეწოლას ახორციელებდა...

საქართველომ ამაზე სწრაფი რეაგირება მოახდინა, ამ ყველაფრის მანამდე შესაჩერებლად, ვიდრე ვითარება გაუარესდებოდა. შეიძლება, ვიმსჯელოთ იმაზე, რომ საქართველომ იმ კონკრეტულ დღეს პირველი ტყვია გაისროლა, მაგრამ ეს მთლიანად სცდება კონტექსტს, რომელიც იმაზე მიანიშნებს, თუ რა ხდებოდა ამ კონფლიქტში.

რუსეთს სურს, განხილვებში უწყვეტად შეინარჩუნოს ნარატივი, რომ ომი საქართველომ დაიწყო. იმიტომ, რომ მათი გადმოსახედიდან, ეს ამართლებს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის მიმდინარე ოკუპაციას. რუსეთში საქართველოს ჯარი არ დგას. მხოლოდ რუსეთის ჯარი დგას ტერიტორიაზე, რომელსაც მთელი მსოფლიო აღიარებს საქართველოს ტერიტორიად, გარდა თავად რუსეთისა. რუსეთისთვის მნიშვნელოვანია ამ ნარატივის შენარჩუნება. ამიტომ, ჩვენ, ვიყავით თუ არა იქ, ვიცნობდით თუ არა საკითხებს მაშინ, თუ მათ შესახებ ახლა ვსწავლობთ, მნიშვნელოვანია, ჩუმად არ ვიყოთ და რუსეთის ეს შეხედულება კამათის გარეშე არ გავატაროთ“, – განაცხადა კურტ ვოლკერმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში.