10 ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელი

17:12 08-12-2019
177

მომავალ წელი საქართველოს ნაკრებისთვის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება. ჩვენს ფეხბურთელებს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის რეალური შანსი აქვთ. ვლადიმირ ვაისის გუნდი ფლეი-ოფში ბელორუსიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. „პრაიმტაიმმა“ transfermarkt.com-ის მიხედვით, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულების ათეული მოამზადა.

მეათე ადგილს ციურიხის 19 წლის განაპირა მცველი ლევან ხარაბაძე იკავებს. მისი სატრანსფერო ღირებულება 1.25 მილიონ ევროს შეადგენს. ახალგაზრდა ფეხბურთელი შვეიცარიულ კლუბში გასულ წელს თბილისის „დინამოდან“ იჯარის წესით გადავიდა და ყველა ტურნირზე 1 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა. ხარაბაძის დებიუტი ეროვნულ ნაკრებში 2019 წლის 26 მარტს ირლანდიის წინააღმდეგ შედგა.

მეცხრე ადგილზე გრაცის შტურმის შემტევი, ოთარ კიტეიშვილი იმყოფება, რომლის ღირებულებაც 1.50 მილიონი ევროა. ქართველი ფეხბურთელი სხვადასხვა დროის განმავლობაში რუსთავის „მეტალურგში“ და თბილისის „დინამოში“ თამაშობდა, ავსტრიის ჩემპიონატში კი 2018/2019 წლების სეზონში გადავიდა და „შტურმის“ მაისურით ჩატარებულ 38 მატჩში 5 გოლი და 6 საგოლე გადაცემა აქვს შესრულებული. ეროვნულ ნაკრებში კიტეიშვილს 10 შეხვედრა აქვს ჩატარებული და 2 საგოლე გადაცემით გამოირჩა.

მეშვიდე ადგილზე რუსული 23 წლის ცენტრალური მცველი ჯიმი ტაბიძეა. ახალგაზრდა ფეხბურთელი რუსეთის პრემიერ ლიგაში მოასპარეზე „უფაში“ თამაშობს და მისი სატრანსფერო ღირებულება 1.50 მილიონ ევროს შეადგენს. გასულ სეზონში ტაბიძემ რუსეთის ჩემპიონატში 12 შეხვედრა ითამაშა. ეროვნული ნაკრებში კი მას  8 შეხვედრა აქვს გამართული.

კიტეიშვილის და ტაბიძის მსგავსად 1.50 მილიონ ევროდ არის შეფასებული „სან ხოსეს“ შემტევი ვაკო ყაზაიშვილი, რომელიც transfermarkt-ის რეიტინგში მე-6 ადგილს იკავებს. ვაკოს სატრანსფერო ფასმა, გასულ წელთან შედარებით ფაქტობრივად მილიონი ევროთი იკლო. ამერიკულ კლუბში გადასვლის შემდეგ ყაზაიშვილი ჩვეული სათამაშო ფორმიდან აშკარად ამოვარდა, რის გამოც 26 წლის ფეხბურთელი საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ევროპის ჩემპონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო თამაშებში არ ათამაშა. მიმდინარე სეზონში ვაკომ სათამაშო ხარისხი საგრძნობლად გააუმჯობესა და 22 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.

1.50 მილიონი ევროა ნიკოლოზ კვეკვესკირის სატრანსფერო ღირებულებაც, რომელიც სიაში მე-5 ადგილს იკავებს. 27 წლის ფეხბურთელი, ბოლო წლების განმავლობაში ეროვნული ნაკრების ძირითადი გუნდის შეუცვლელ მოთამაშედ ნახევარდაცვის ერთ-ერთ ლიდერად იქცა. კვეკვესკირი ამჟამად ჯაბა კანკავასთან ერთად კოსტანაისტობოლში“ თამაშობს, რომელიც ყაზახეთის პრემიერ ლიგაში პირველ ადგილზე იმყოფება.

ხუთეულს ტულას „არსენალის“ მცველი გია გრიგალავას ხსნის, რომლის სატრანსფერო ღირებულება 1.75 მილიონ ევროს შეადგენს. გრიგალავას ეროვნული ნაკრების მაისურით 26 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

მეოთხე ადგილზე ბელგიური „გენტის“ თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია იმყოფება, რომლის სანტრანსფერო ფასი 2.50 მილიონ ევროს შეადგენს. სამწუხაროდ, ტრავმის გამო ქართველ ფეხბურთელს ბელგიურ კლუბში თავის გამოჩენის შესაძლებლობა მიეცა, თუმცა 25 წლის ფორვარდმა მუხლის ტრავმა სრულად მოირჩინა და „გენტის“ ბოლო მატჩშიც მიიღო მონაწილეობა. ეროვნულ ნაკრებში ქვილითაიამ 15 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.

5 მილიონ ევროდ არის შეფასებული დონეცკის „შახტარის“ მცველი დავით ხოჭოლავა, რომელიც რეიტინგში მესამე ადგილს იკავებს. ხოჭოლავა დონეცკური კლუბის შემადგენლობაში ორჯერ გახდა უკრაინის ჩემპიონი და გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზეც ითამაშა. 26 წლის მცველს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 18 მატჩი აქვს გამართული.

მეორე ადგილზე ქართული ფეხბურთის მთავარი იმედი და ბელგიური „გენტის“ შემტევი გიორგი ჩაკვეტაძე იმყოფება, რომლის ფასიც 9 მილიონი ევროა. ჩაკვეტაძეს ლომის წვლილი მიუძღვის ერთა ლიგაზე ნაჩვენებ შედეგში. 2018 წელს ჩაკვეტაძე წლის საუკეთესო ქართველ ფეხბურთელადაც დაასახელეს. 19 წლის შემტევის მომავალს ისეთ კლუბებს უკავშირებენ, როგორებიც არიან „ბარსელონა“, „რომა“, დორტმუნდის „ბორუსია“ და ამსტერდამის „აიაქსი“ ამ დროისთვის ჩაკვეტაძე ოპერაციის შემდეგ სარეაბილიტაციო კურსს გადის და მოედანს დიდი ალბათობით წლის ბოლოსთვის დაუბრუნდება.

სიის სათავეში მოსკოვის „ლოკომოტივის“ მცველი საბა კვირკველია იმყოფება, რომლის სატრანსფერო ფასიც 10 მილიონ ევროს შეადგენს. საბა კლუბშიც და საქართველოს ნაკრებშიც დაცვის ხაზის ლიდერის ფუნქციას ითავსებს და არაერთი მაღალი დონის კლუბის ინტერესს იწვევს. გასულ სეზონში ქართველი ფეხბურთელის გადაბირებას ინგლისის პრემიერ ლიგის კლუბი „ლესტერი“ ცდილობდა, თუმცა ტრანსფერი გადამწყვეტ მომენტში ჩაიშალა. 27 წლის ფეხბურთელს ერთხელ რუსეთის პრემიერ ლიგა, სამჯერ თასი და ერთხელ სუპერ თასი აქვს მოგებული. 2014 წელს კი რუსეთის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედაც დაასახელეს. საქართველოს ნაკრებში კვირკველიას 35 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

ავტორი: ირაკლი გოგვაძე