ნიკა გვარამიას საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილება ცნობილია (ვიდეო)

01:31 08-11-2019
674

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიას საქმეზე სასამართლო პროცესი დასრულდა.

მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა გადაწყვეტილება უკვე გამოაცხადა. 

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამიას 40 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და საგამოძიებო უწყების გაფრთხილების გარეშე ქვეყნის დატოვება აეკრძალა.

გენერალურმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს ნიკა გვარამიას საქმეზე აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე შუამდგომლობით დღეს მიმართა.

შეგახსენებთ, რომ „რუსთავი2“ - ის ყოფილ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას გენერალურმა პროკურატურამ ბრალი 9 აგვისტოს წარუდგინა.

გვარამიას ბრალი 220-ე მუხლით წაუყენეს, რაც უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. 

„რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი საქალაქო სასამართლოში 2 აგვისტოს დაკითხეს.

პროკურატურა ტელეკომპანიაში ნიკა გვარამიას საქმიანობით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც საგამოძიებო უწყებას ტელეკომპანიის 9-პროცენტიანი წილის მფლობელმა მიმართა.

ნინო ნიჟარაძის უფლებადამცველმა გენერალურ პროკურატურაში განცხადება 16 ივლისს შეიტანა. მისი განცხადებით, ნიკა გვარამიამ ტელეკომპანია 30-50 მილიონ ლარამდე შემოსავლით მიზანმიმართულად აზარალა, ეს თანხა კი ტელევიზიის ნაცვლად 2015-2017 წლებში სარეკლამო კომპანია „ინტერ მედიამ“ მიიღო.

„რუსთავი2“-ის კონტრაქტორ „ინტერ მედიის“ ოფისში საგამოძიებო მოქმედებები 2 აგვიტოს ჩატარდა. 

გენერალურმა პროკურატურამ სამაუწყებლო კომპანიის კონტრაქტორი საწარმოებიდან, მათ შორის „ინტერ მედია“ და „ინტერ მედია პლუსიდან“ გამოძიებისათვის საჭირო ფინანსური დოკუმენტაცია ამოიღო. საუბარია 2013 წლიდან დღემდე შესრულებულ ტრანზაქციებზე.