შშმ პირთა თავშესაფრის ბენეფიციარი ნარკორეალიზაციის ბრალდებით დააკავეს

19:52 08-09-2019
8982

„პრაიმტაიმს“ დუშეთის შშმ პირთა პანსიონატიდან შეატყობინეს, რომ დაწესებულების ბენეფიციარი, ზაალ ციმინტია სამართალდამცავებმა  ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტზე დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი წყარო გვაწვდის. 

„ზაალ ციმინტია დუშეთის პანსიონატში აიყვანეს. ვიღაც მოვიდა მისგან აბები იყიდეს და მალევე დააკავეს. თითქოს სულ სხვისი უფლებებისთვის იბრძოდა, ხან შიმშილობას აცხადებდა, ხანაც პირის ამოკერვით იმუქრებოდა. ინტრიგანი კი იყო, მაგრამ თუ „ბარიგობდა ამას ვერავინ წარმოვიდგენდით“ - აცხადებს „პრაიმტაიმის“ წყარო. 

მომხდარზე „პრაიმტაიმი“ შსს-ს დაუკავშირდა. როგორც უწყებაში განმარტავენ, ზაალ ციმინტია ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გასაღების ბრალდებით დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 6-დან 11 წალმდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მისი პირადი მოხმარებისთვის განკუთვნილ ნარკოტიკულ საშუალება „მეტადონს“ სისტემატურად ასაღებდა.

სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ზ.ც.-სგან ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.

პოლიციამ ბრალდებულის მიერ გასაღებული ნარკოტიკი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებას გულისხმობს“ - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. 

ავტორი: თამარ ბუჩუკური