რომელი საგნების ჩაბარება იქნება სავალდებულო აბიტურიენტებისთვის 2020 წლიდან

13:14 08-07-2019
34

2020 წელს აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებს ახალი მოდელით ჩააბარებენ.

ამის შესახებ მინისტრმა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.

ახალი მოდელით, სავალდებულო გამოცდების რაოდენობა ოთხიდან, სამამდე მცირდება

ერთიანი ეროვნული  გამოცდების  ახალი მოდელით, აბიტურიენტები სამ სავალდებულო გამოცდას ჩააბარებენ:  ქართულ ენა და ლიტერატურაში, უცხო ენაში, ხოლო მესამე გამოცდა დამოკიდებული იქნება პროგრამებზე.

ტექნიკურ და საბუნებისმეტყველო მიმართულებებზე აბიტურიენტები მათემატიკას, ჰუმანიტარულზე – ისტორიას, ხოლო პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე,  სოციალური ან საზოგადოებრივი მეცნიერების არჩევისას, ისტორიას ან მათემატიკას ჩააბარებენ.

ასევე, უმაღლესი სასწავლებლები, სურვილის შემთხვევაში, მეოთხე  გამოცდას  შემდეგი საგნებიდან დააწესებენ: ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა, ზოგადი უნარები, გეოგრაფია, ლიტერატურა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, სამოქალაქო განათლება.

სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულებების ინიციატივის გათვალისწინებით ჯანდაცვის საგანმანათლებლო პროგრამებზე  სავალდებულო ოთხი გამოცდა იქნება: ქართული ენა და ლიტერატურა; უცხოური ენა; ბიოლოგია;  მათემატიკა/ქიმია/ფიზიკა (აბიტურიენტი ირჩევს სულ მცირე, ერთს). მეოთხე საგნისთვის გამოყოფილი იქნება კვოტირებული ადგილები, თითოეულ საგანზე არანაკლებ 30%-ისა.

2019 წლის ჩათვლით, შემოქმედებით საგანმანათლებლო პროგრამებზე აბიტურიენტები სამ სავალდებულო გამოცდას და შემოქმედებით ტურს აბარებდნენ. 2020 წლიდან კი, სახელოვნებო-შემოქმედებით/სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩასარიცხად შემოქმედებით ტურთან ერთად აბიტურიენტმა სავალდებულოა ჩააბაროს: ქართული ენა და ლიტერატურა; უცხოური ენა.

გარდა ამისა, სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანულ და სომხურენოვანი აბიტურიენტების ჩარიცხვა ძველი ფორმატით გაგრძელდება.

რაც შეეხება გრანტებს, სტუდენტებისთვის გრანტი სამი საგნის  შედეგის მიხედვით გაიცემა. თუმცა, თუ უმაღლესმა სასწავლებელმა მეოთხე საგანი მოითხოვა, აბიტურიენტს  დაფინანსების მოპოვების კიდევ ერთი შესაძლებლობა ექნება.

მიმდინარე წლის სექტემბრის შუა რიცხვებში აბიტურიენტებისთვის ცნობილი გახდება, რომელი დამატებითი საგანი უნდა ჩააბარონ კონკრეტულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხად.